ჯონ მაკკეინი

მაკკეინი: არსებობს შიში, რომ არჩევნების შემდეგ სააკაშვილს დააკავებენ

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა 1-ლ ოქტომბერს ამერიკის ხმის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში  რუსეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე ისაუბრა. იგი საქართველოში არსებულ სიტუაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა შეშფოთებას იწვევს.

"არჩევნები, რომელიც საქართველოში გასულ წელს ჩატარდა, თავისუფალი და სამართლიანი იყო. საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი პრორუსულ განწყობებში დაადანაშაულეს. ამიტომ, არსებობს იმის შიში, რომ როგორც კი პრეზიდენტი პოსტიდან გადადგება, ქვეყანაში დაიწყება დაპატიმრებები, შესაძლოა, თავად სააკაშვილიც დააკავონ. მაგრამ, გარდამავალ მთავრობას არ შეუძლია ამ გზით წავიდეს“, - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრი „ეკონომიკაში ერკვევა და მაინც ცდილობს, ევროკაშირთან ახლოს იყოს“.

სენატორის თქმით, ყველაზე მეტად მას რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო ძალის კონცენტრაცია აშფოთებს,  „ასევე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა რუსეთის მოქალაქეებად გადაქცევის მცდელობები. სიტუაცია იქ ძალიან არასტაბილურია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მათ დავეხმაროთ, თუმცა არა - ვუკარნახოთ“.

„დემოკრატიის გზა მარტივი არ არის და მე ძალიან მაღელვებს, შეძლებს თუ არა საქართველო, შეინარჩუნოს ის ფუნდამენტური წარმატებები, რომლებსაც მიაღწია მისმა ხალხმა ბოლო 8-10 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ინტერვიუში ჯონ მაკკეინმა. 

კომენტარები