ჯიჰადის ვიდეოების საქმე

ბოკერია: „ჯიჰადის საქმის“ ოფიციალური ვერსია აბსოლუტურად არადამაჯერებელია

გიგა ბოკერია
tabula.ge

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებთ, ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების საქმის გახსნის ოფიციალური ვერსია არადამაჯერებელია და მანამდე არსებულ ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს.

„ჯერ ერთი, აბსოლუტურად გაუგებარია, თუკი საზოგადოებისთვის ასეთი ინტერესის მქონე საქმე ერთი თვის წინ გაიხსნა, რატომ იყო დუმილი? თუკი გამოძიების ინტერესებში შედიოდა, რომ ეს მონაცემები არ გახმოვანებულიყო, რაც გასაგები მიზეზია, მაშინ როგორ შეიძლება ირაკლი ალასანიას თუნდაც უსაფუძვლო კრიტიკა გახდეს მიზეზი, რომ მოიხსნა აუცილებლობა, ეს ინფორმაცია ყოფილიყო საიდუმლო?", - განაცხადა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია იმედის გადაცემა ღია ეთერში.

მისი თქმით, ეს ამბავი ეჭვქვეშ აყენებს იმას, თუ რამდენად სერიოზულად უდგებოდა ამ საქმეს ხელისუფლება.
„პირველი კითხვა, რომელიც ჩნდება ამ შემთხვევაში და რომელზეც არ მომისმენია არანაირი ლოგიკური პასუხი, ისაა, რომ თუ ეს პირი ამ ყველაფერს აკეთებდა ოკუპირებული ტერიტორიიდან - და ნათელია ყველასათვის, რომ ამ ვიდეოს ამოცანა იყო, შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ჯიჰადი ემუქრება - რატომ მოიკლავდა თავს ეს ადამიანი, რათა მოეჩვენებინა გამოძიებისთვის, რომ მისი IP მისამართი საქართველოშია?", - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

მისი აზრით, უფრო ლოგიკური იქნებოდა, „ჯიჰადის" ვიდეო ატვირთულიყო პაკისტანში, ავღანეთში ან არაბულ სამყაროში მდებარე ყალბი IP მისამართიდან და არა თბილისში მდებარე ოფისების მისამართებიდან.

გარდა ამისა, ბოკერიას თქმით, ეჭვს ისიც ზრდის, რომ ბრალდებულის მოძებნა და მისი ცხოვრების დეტალების გაცნობა სოციალურ ქსელების მეშვეობით საკმაოდ ადვილი აღმოჩნდა. „ესეც აღრმავებს ეჭვებს, რომ საგამოძიებო ორგანოებს შეეძლოთ, ამ ტიპის ადამიანი ღია წყაროებით ეპოვათ", - აღნიშნა ბოკერიამ.

მისი თქმით, ასევე ძალიან დიდ ინტერესს იწვევს ის IP მისამართი, რომლითაც დამნაშავე ვიდეოს ატვირთვას ცდილობდა, ვის ეკუთვნოდა, იმ შენობაში კიდევ ვინ მუშაობდა და ა.შ.
გიგა ბოკერიას განცხადებთ, თავიდანვე არსებობდა ეჭვები „თალიბანის" ვიდეოების წარმომავლობასთან დაკავშირებთ მათი სტილიდან გამომდინარე. „ამ ვიდეოების გზავნილიდან გამომდინარე - რომ სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა საქართველო, რომელიც მანამდე ყვაოდა, ნათელი იყო, რომ „ჯიჰადის" წარმომადგენელი ამასთან არაფერ კავშირში არ იყო. მანამდეც, სანამ დადგინდა, რომ ვიდეო საქართველოდან იყო ატვირთული, ნათელი იყო, რომ (ვიდეოს შინაარსი) ძალიან ჰგავდა ტრადიციულ თავდასხმებს პრეზიდენტ სააკაშვილზე და მის გუნდზე", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ იგი, როგორც მოქალაქე და თანამდებობის პირი, ხელს ვერავის დაადებს, მაგრამ ცნობილი არიან ადამიანები, რომლების საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი კლიპების გაკეთებით იყვნენ დაკავებული. ბოკერიამ ასევე არ გამორიცხა, რომ ამ ამბავში რუსული სპეცსამსახურები ყოფილიყვნენ ჩართული, „მაგრამ, საქართველოში მყოფი ადამიანების ხელით".

გიგა ბოკერიას განცხადებთ, შსს-ს მიერ წარმოდგენილი ვერსია „აბსოლუტურად არადამაჯერებელია" და მანამდე არსებულ ეჭვებს უფრო ამყარებს, ასევე „გზას უხსნის იმათ, ვინც ამტკიცებს, რომ ეს არის რეალური ვითარების შეფუთვის მცდელობა".

 

 

კომენტარები