სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

ზაქარეიშვილი: თუ დავიწყებთ ჩხირკედელაობას, ვის ეჭირება ჩირაღდანი, არასწორი იქნება

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

"რუსეთმა უდიდესი ზიანი მიაყენა ქვეყანას, ოკუპაცია განახორციელა და აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მიუხედავად ამისა ჩვენ ვმონაწილეობთ სოჭის ოლიმპიადაში. თუ ახლა დავიწყებთ ჩხირკედელაობას ახლა ვის ეჭირება ჩირაღდანი ხელში და ამის გამო დავიწყებთ ჩვენი პოზიციების გადახედვას, მგონი ეს არასწორი იქნება და ჩვენს სახელმწიფოს არ მოუხდება. კითხვის ლეგიტიმურობა გასაგებია, მაგრამ რადგან მორალურად მძიმე, მაგრამ პრაგმატულად სწორი ნაბიჯი გადავდგით, ამ დეტალებმა არ უნდა შეგვაშინოს", - ასე გამოეხმაურა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნედ აგვისტოს ომის მონაწილე ავიატორის დანიშვნის შესახებ.

რუსი მფრინავი ივან ნეჩაევი, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის რუსეთის ხელისუფლებამ გმირის წოდება მიანიჭა, სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე იქნება. სწორედ მას დააკისრეს ოლიმპიადაზე ოლიმპიური ცეცხლის გატანის მისია.

ივან ნეჩაევმა რუსულ პირველ არხს უთხრა, რომ ის პასუხისმგებლობით ეკიდება ამ ისტორიულ და საპატიო მისიას და ეცდება, ღირსეულად შეასრულოს ის.

ნეჩაევი აგვისტოს ომის დროს ბომბდამშენს მართავდა, რომლითაც საქართველოს ტერიტორიას ბომბავდა, საფრენი აპარატის დაზიანების მიუხედავად მან უვნებლად შეძლო სამხედრო ბაზაზე დაბრუნება, რის შემდეგაც გმირის წოდება მიანიჭეს.

საქართველოს საპარლამენტო ოპოზიცია, პრეზიდენტი და სხვა მოქალაქეების ნაწილი ეწინააღმდეგება სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობას, თუმცა, ხელისუფლება მათ არგუმენტებს არ იზიარებს. ოლიმპიადა სოჭში 2014 წლის თებერვალში გაიმართება.

კომენტარები