საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია

დარჩიაშვილი: ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩვენი რიტორიკა ძალიან მკაფიო უნდა იყოს

primetimenews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შეთანხმების პარაფირების შანსი არსებობს, მაგრამ ამ შანსებს გამოყენება უნდა.

"მათ შორის, ქვეყნის შიგნით, საშინაო დავალებების შესრულებისა და პოლიტიკური და სამართლებრივი პრობლემების დარეგულირების თვალსაზრისით", - აღნიშნა დარჩიაშვილმა ქორთიარდ მარიოტში საპარლამენტო საერთაშორისო კონფერენციაზე. დეპუტატის თქმით, კონფერენციაში მისი მონაწილეობის ამოცანაა, დააფიქსიროს თუ რა არის პრობლემატური ქვეყანაში, რაც ხელს უშლის ევროპასთან საქართველოს დაახლოებას.

"ევროპის გზაზე ძალიან მკაფიო უნდა იყოს ჩვენი რიტორიკა. მაგალითად, როდესაც გვესმის საუბარი ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით სიმპატიური მოლოდინებით, ეს ძალიან უშლის ხელს ჩვენს წინსვლას ევროკავშირისაკენ", - ამბობს დავით დარჩიაშვილი და დასძენს, რომ კიდევ ერთი პრობლემა "საქართველოში არსებული შერჩევითი სამართალია". 

"ვილნიუსის სამიტის წინ - საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში" ამ სახელწოდების კონფერენცია დღეს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გახსნა. კონფერენციას ლიტვის სეიმის სპიკერი ლორეტა გრაუჟინენე, ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პარლამენტარები ესწრებიან.

ღონისძებაზე მიწვეულები არიან ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც, რომლებიც კონფერენციის მონაწილეებს დეტალურ ინფორმაციას წარუდგენენ ქვეყანაში ევროინტგრაციის პროცესის შესახებ. მონაწილეები ისაუბრებენ ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზეც.

კომენტარები