ქრთამის აღება

შს სამინისტრომ ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი ამხილა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" თბილისის მომსახურების ცენტრის უფროსი ზურაბ მექვაბიშვილი ამხილა.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია კორუფციული სქემა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მხილებულია ზურაბ მექვაბიშვილი, ასევე მოქალაქე მალხაზ ბ. - აღნიშნულია  შს სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ზურაბ მექვაბიშვილი თანამდებობრივი უფლებამოსილების და საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, მოქალაქის შუამავლობითა და დახმარებით, კორუფციულ გარიგებაში შედიოდა პირებთან, რომლებსაც სურდათ თბილისში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი ქონების შეძენა. კერძოდ, დაკავებულებმა დაინტერესებულ პირს, უცხოელ მოქალაქეს აღუთქვეს, რომ თბილისში, ნუცუბიძის ქ. #7-ში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 1400 კვ.მ შენობა-ნაგებობას მიჰყიდნენ მისთვის სასურველ ფასად - 800 000 აშშ დოლარად. სანაცვლოდ კი, ქრთამის სახით გასაყიდი უძრავი ქონების ღირებულების 10% ანუ 80 000 აშშ დოლარი მოითხოვეს. 2013 წლის 7 ოქტომბერს ზურაბ მექვაბიშვილმა და მისმა თანამზრახველმა ქრთამის სახით აიღეს მოთხოვნილი თანხის (80 000 აშშ დოლარის) ნაწილი - 10 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამჟამად ხსენებული კორუფციული სქემა გახსნილია და ორივე მათგანი დაკავებულია, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიებას შს სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს, ეჭვმიტანილებს სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

კომენტარები