სოჭის ოლიმპიადა

ბარამიძე: ნეჩაევის ფაქტი უკვე უნდა იყოს გადამწყვეტი

timer.ge

პარლამენტის ვიცესპიკერი გიორგი ბარამიძე სოჭის ოლიმპიადას პოლიტიკურ მოვლენას უწოდებს. მისი თქმით, რუსეთისთვის ოლიმპიადა დომინაციის გამოხატვის საშუალებაა. ბარამიძემ ასევე თქვა, რომ საქართველოს თავიდანვე უარი უნდა ეთქვა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. აღნიშნულის შესახებ მან გადაცემა ფოკუსში ისაუბრა.

"ჩვენ ამ ფაქტამდე, როდესაც იმ 14000 ადამიანიდან, რომელმაც უნდა ატაროს ჩირაღდანი, გამოარჩიეს საგანგებოდ და თქვეს, რომ ასეთი პიროვნება [ივან ნეჩაევი], რომელიც საქართველოს ბომბავდა და რომელსაც გმირობა მიენიჭა, იქნება ერთ-ერთი მათგანი - ამ ფაქტამდე ვამბობდით, რომ ყველაფერი იმის გამო, რაც ადრე მოხდა, არ შეიძლება, რომ საქართველომ ამ ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღოს - იმიტომ, რომ ეს ოლიმპიადა ტარდება იმ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორია აქვს ოკუპირებული; ქვეყანაში, რომელიც არაფერს აკეთებს იმისთვის,რომ თუნდაც სამშვიდობო ხელშეკრულებას სცეს პატივი; იმ ადგილას, სადაც უამრავი ჩვენი თანამოძმის - ჩერქეზების სისხლი დაიღვარა; იმ ადგილას, რომელიც არის ჩვენი ოკუპირებული აფხაზეთიდან სულ რამოდენიმე კილომეტრში და იმ ქვეყნის ხელისუფალის საამებლად, რომელიც გზავნიდა სწორედ იმ ბომბდამშენებს და მფრინავებს, რომ დაებომბათ ჩვენი სოფლები და ქალაქები და დაეხოცათ ჩვენი ხალხი", - თქვა ბარამიძემ.

ბარამიძის თქმით, ივან ნეჩაევის ფაქტი გადამწყვეტი უნდა იყოს.

"რა თქმა უნდა, მსოფლიოში არ არის აბსოლუტური სამართლიანობა და ყველაფერი ისე არ არის, რასაც სამართლიანობის პრინციპი გვეუბნება, სწორედ ამიტომაც, ყველაფერი რომ არ არის დალაგებული, შენ უნდა იბრძოლო შენი ღირსებისთვის, შენ უნდა იბრძოლო შენი ქვეყნისთვის, თუ გინდა, რომ ასეთ პატარა ქვეყანას ვიღაცამ კიდევ ყურადღება მოგაქციოს და სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოგიხატოს. მე ვფიქრობ, ნეჩაევის ფაქტი უკვე უნდა იყოს გადამწყვეტი", - აღნიშნა გია ბარამიძემ გადაცემა ფოკუსში.

კომენტარები