სოჭის ოლიმპიური თამაშების შესახებ, მოციგურავე ელენე გედევანიშვილმა უკვე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, თუ ოლიმპიური კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ბოიკოტი გამოუცხადოს ოლიმპიადას, ის ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოიქცევა და სოჭში არ გაემგზავრება. ყველა სიახლესთან ინტერვიუში, გედევანიშვილმა კონკრეტულად რუსეთის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათგან წყენა იმ პერიოდიდან ახსოვს, როდესაც ამ ქვეყანაში ვარჯიშობდა.
"უარს ვიტყვი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საქართველოს მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაში. ამიტომ დაველოდები კომიტეტის გადაწყვეტილებას. მანამდე კი ჩემს მოვალეობას შევასრულებ და ვარჯიშს განვაგრძობ. რუსებისგან წყენა ისევ მახსოვს. ძალიან უსამართლოდ მომექცნენ, მას შემდეგ იქ აღარ ჩავსულვარ. ვცდილობ, ამ თემას არ შევეხო ხოლმე. მიუხედავად ჩემი წყენისა, მზად ვარ, ყველაფერი დავივიწყო და ჩემი ქვეყნის წარმოსაჩენად სოჭში ჩავიდე, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიური კომიტეტი სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარს არ იტყვის", - განაცხადა ელენე გედევანიშვილმა.