სოჭის ოლიმპიადა

ოლიმპიადის სააკრედიტაციო ფორმაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი კვლავ რჩებიან

sportall.ambebi.ge

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედიისათვის განკუთვნილ სააკრედიტაციო ფორმაში, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ჯერ კიდევ დამოუკიდებელ სუბიექტებად არიან მოხსენიებული.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტის ელგუჯა ბერიშვილის თქმით, სავარაუდოდ, შეცდომა რუსულმა მხარემ დაუშვა. ბერიშვილი ასევე ამბობს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს, თუმცა შეცდომა ჯერჯერობით გამოსწორებული არ არის.

"საფუძვლიანი ვარაუდით, ალბათ, ეს სია მიაწოდა ევროპის სამაუწყებლო კავშირს სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა. ჩვენ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს ვერ გავარკვიეთ. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, ჩვენ იმის წევრები ვართ, ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს ევროპის სამაუწყებლო კავშირთან. ასე რომ, ველოდებით კიდევ დამატებით ინფორმაციას. ჩვენ გვაქვს უკვე სატელეფონო კომუნიკაცია და ისინი გვპირდებიან, რომ მოკლე დროში ჩვენ ამ პასუხს მივიღებთ. თუ ევროპის სამაუწყებლო კავშირი ამ შემთხვევაში ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს, ნუ, ეს სხვა შემთხვევაა და ამ სხვა შემთხვევას ჩვენგან სხვა პასუხი მოჰყვება. ახლა მე ვერ ვიტყვი, რა პასუხი იქნება ეს, მაგრამ დაველოდოთ და ვნახოთ", - თქვა ბერიშვილმა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის ელექტრონულ ბაზაში განთავსებულ ტელემედიის სარეგისტრაციო ფორმაში, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოხსენიების ფაქტი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებმა ჯგუფმა აკრედიტაციის შევსებისას აღმოაჩინა. 

კომენტარები