პოლიტპატიმრების დაკავება

ბაქრაძის წინასაარჩევნო შეხვედრაზე დაპატიმრებულებს ასლარიანი ჯარიმა დაეკისრათ

court.ge

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დავით ბაქრაძის საარჩევნო შეხვედრის დროს დაპატიმრებულ მერაბ გორგაძესა და ჯიმშერ კურცხალიძეს 100-100-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, ხოლო ჯემალ დუაძის სასამართლო პროცესი ხვალამდე გადაიდო. 

აღნიშნული პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააპატიმრეს. 
როგორც ჯემალ დუაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, დავით ბაქრაძესთან შეკითხვების დასმას აპირებდნენ, რის საშუალებაც მათ არ მიეცათ. 

"ჩვენ არ ვაღიარებთ ბრალს. გვაქვს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლად გადაადგილების უფლება. აქციაზე მივედით იმიტომ, რომ შეკითხვები დაგვესვა დავით ბაქრაძისთვის - ღებულობს თუ არა პასუხისმგებლობას ცხრა წლის განმავლობაში მომხდარი უსამართლობის გამო, თუმცა ამის საშუალება არ მოგვეცა" - აღნიშნა ჯემალ დუაძემ. 

დღეს ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული სამი პირი - ჯიმშერ კურცხალიძე, ჯემალ დუაძე და მერაბ გორგაძე იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი დავით ბაქრაძესთან ახლოს მისვლას აპირებდნენ.

კომენტარები