ხუდონჰესის მშენებლობა

კახა კალაძე: ხუდონის პროექტთან დაკავშირებით განსახლების გეგმაზე ვმუშაობთ

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ხუდონჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პროექტთან დაკავშირებით კახა კალაძეს პირადი ინტერესები აქვს.

"ძალიან დიდია ჩემი ინტერესი და არა მარტო ჩემი, არამედ მთელი მთავრობის, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. ვინც ამ სიბინძურეს ამბობს, ის ადამიანები იღებენ ფულს იმაში, რომ ასეთი პროექტები არ განხორციელდეს. ჩვენი ქვეყანა 75%-ით დამოკიდებულია ენერგეტიკულად მეზობელ ქვეყნებზე, არა მარტო რუსეთზე, აზერბაიჯანზე და ა.შ. არ მესმის, რატომ არ უნდა განხორციელდეს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას ენერგეტიკულად და ეკონომიკურად, როდესაც ქვეყანაში არსებობს რესურსი, რომ გვქონდეს ჩვენი ელექტროენერგია და მეტიც, შევძლოთ გაყიდვა?" - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

კახა კალაძის ინფორმაციით, ხუდონის პროექტთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს განსახლების გეგმაზე მუშაობა. მინისტრის მტკიცებით, ხუდონთან დაკავშირებით პროცესი გამჭვირვალე იქნება.

"ჩვენ ძალიან კარგად გვესმის მოსახლეობის, მაგრამ ასევე უნდა გავითვალისწინოთ პროექტის მნიშვნელობა და სტრატეგიულობა. პირველი, რაც ჩვენ მოვთხოვეთ ინვესტორს, იყო ის, რომ მიწები, რომელიც უკანონოდ ჰქონდა მოსახლეობას ჩამორთმეული, აუცილებლად დაუბრუნდეს მოსახლეობას და კომპანიამ თავისი ხარჯებით დაურეგისტრიროს. ამის მერე მოხდება მიწების აზომვა, შეფასება და კომპენსაციის გადახდა. მიმდინარეობს განსახლების გეგმაზე მუშაობა. როდესაც გაწერილი იქნება თუ თანხობრივად როგორ უნდა მოხდეს ანაზღაურება, ამის შემდეგ შევძლებთ, ადგილობრივ მოსახლეობას ვუთხრათ ის ციფრი, თანხები, რომელზეც არის საუბარი. ჩვენ არ ვეუბნებით ადგილობრივებს, რომ აი, გაძლევთ ფულს და სადაც გინდათ, იქ წადით. ჩვენ ვაპირებთ ერთად განვიხილოთ. არის შესაძლებლობა, იქვე გავაკეთოთ ახალი სოფელი, რომელიც ინფრასტრუქტურულად ყველანაირად მოწყობილი იქნება. იმ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ ჩვენ არ მოვიქცევით ისე, როგორც იქცეოდა წინა ხელისუფლება", - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინდელ პრესკონფერენციაზე ეკოლოგმა და გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის თავმჯდომარემ ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს პირადი კორუფციული ინტერესები აქვს.

"სრულიად აუხსნელია მისი ჰიპერაქტიურობა და პირდაპირ ლობირება კონკრეტული კომპანიების, მაშინ როცა ეს ენერგეტიკის მინისტრის საქმე არ არის", - აღნიშნა ჩხარტიშვილმა და პროკურატურას მოუწოდა, კალაძის სავარაუდო კორუფციული ინტერესები გამოიძიოს.

 

კომენტარები