იაპონიის საელჩოს განცხადება

იაპონიის საელჩო: იაპონია მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას

იაპონიის საელჩო საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩო საოკუპაციო ზოლთან შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და იმედოვნებს, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდება.

"ჩვენ შეშფოთებით ვუყურებთ ამჟამინდელი მდგომარეობის ფიქსაციის მცდელობას, კერძოდ, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების გავლებით, მიწაყრილების მოწყობითა და სხვა ქმედებებით.

სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოება, კონფლიქტის ყველა მხარესთან ერთად, მუშაობას აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად.

იაპონია მტკიცედ უჭერს მხარს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაყრდნობით, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და ფიქრობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად ხელშემშლელი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული", - ნათქვამია განცხადებაში.

იაპონიის საელჩომ განცხადება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზთან ვიზიტის საფუძველზე გააკეთა.

კომენტარები