საპრეზიდენტი არჩევნები 2013

წულუკიანი: მეორე ტურის შემთხვევაში, კანდიდატები შედეგების მიხედვით იმოქმედებენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, ყველა კანდიდატი შედეგებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას. მისი თქმით, მას, როგორც უწყებათაშორისო კომისიის ხელმძღვანელს, არ აქვს უფლება, აღნიშნულ თემაზე გარკვეული ჰიპოთეზები და მოსაზრებები გამოთქვას.

"ჩვენ, პირველ რიგში, მიზნად ვისახავთ, რომ 27 ოქტომბრის არჩევნები მაქსიმალურად მშვიდობიანად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარდეს. ამის ყველა წინაპირობა სადღეისოდ არსებობს. შემდგომში თუკი მეორე ტურის აუცილებლობა დადგება, ყველა კანდიდატი საკუთარი შედეგების მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. მე, როგორც უწყებათაშორისო კომისიის თავმჯდომარეს, არ მაქვს არანაირი უფლება, რაიმე ტიპის პოზიციები და ჰიპოთეზები გამოვთქვა ამასთან დაკავშირებით", - თქვა წულუკიანმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს თქვა, რომ დარწმუნებულია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვა საჭირო არ იქნება. თუმცა, თუ მეორე ტური მაინც შედგა, მარგველაშვილს ურჩევს, არ მიიღოს მასში მონაწილეობა.

კომენტარები