კეზერაშვილის საქმე

კბილაშვილი: ექსტრადიციისთვის საჭირო დოკუმენტების გაგზავნისთვის 40 დღე გვეყოფა

Archil Kbilashvili
Tabula

არჩილ კბილაშვილის აზრით, დავით კეზერაშვილის ექსტრადიციისთვის საჭირო დოკუმენტების ფრანგული მხარისთვის გადაგზავნას კანონით გათვალისწინებულ 40-დღიან ვადაზე ადრე შეძლებენ. 

"ექსტრადიციისთვის საჭირო დოკუმენტების გადასაგზავნად გვაქვს 40 დღე, მაგრამ ამდენი დღე, ალბათ, არ დაგვჭირდება, დოკუმენტების სისტემატიზაციაში მოყვანა მოხდება უახლოეს დროში. ფრანგულ მხარეს წარედგინება დოკუმენტები, რომელიც კეზერაშვილის ბრალდებასთან არის დაკავშირებული. როდესაც პირის ექსტრადიციის გადაწყვეტილების მიღებაზე მსჯელობს სასამართლო, საჭიროა მას წარედგინოს ბრალდების მხარდამჭერი მტკიცებულებები", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

რაც შეეხება იმას, რამდენადაა შესული პროკურატურაში დამატებითი საჩივრები კეზერაშვილის წინააღმდეგ, არჩილ კბილაშვილის თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდება, რაც საჩივრების შესწავლა დასრულდება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დავით კეზერაშვილს ბრალად ედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის აღება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევა, რამაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ზარალი გამოიწვია, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლის მიღება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი რაოდენობით მითვისება/გაფლანგვას.

კომენტარები