საქართველოს სახალხო დამცველი

ომბუდსმენი უფლებამოსილების გადამეტებისთვის პოლიციელის დასჯას ითხოვს

ombudsman.ge

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პირადად შეისწავლოს საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის, გიორგი რევაზიშვილის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის დაბრკოლების შექმნისა და უფლებამოსილების გადამეტების საკითხი და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებები.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2013 წლის 17 ოქტომბერს, სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში, სადაც, პრევენციის ეროვნული მექანიზმის გეგმური მონიტორინგის ფარგლებში, იგეგმებოდა დაკავებულ პირთა აღრიცხვისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანილ პირთა ჟურნალების შემოწმება.

სამორიგეოში შესვლისას სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მორიგეს წარუდგინეს სახალხო დამცველის რწმუნება და განუმარტეს მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტის მიზეზი. ამ დროს სამორიგეო ნაწილში შემოვიდა სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი რევაზიშვილი, რომელმაც დაჟინებით მოითხოვა, სახალხო დამცველის რწმუნებულებს დაეტოვებინათ სამორიგეო. მიუხედავად იმისა, რომ გ. რევაზიშვილს განემარტა "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებები, იგი იქცეოდა გამომწვევად და ხმამაღალი ტონით, დაჟინებით მოითხოვდა, სახალხო დამცველის რწმუნებულებს დაეტოვებინათ სამორიგეო ნაწილი. გ. რევაზიშვილმა ერთ-ერთ რწმუნებულს ჰკითხა სახელი და გვარი, რის შემდეგაც გავიდა სამორიგეოდან, მობილური ტელეფონით ესაუბრა უცნობ პიროვნებას, რის შემდეგაც უფრო გაღიზიანებული დაბრუნდა სამორიგეო ნაწილში სხვა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ უცნობ პირთან, სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომელთან ერთად და უკვე ძალის გამოყენებით აიძულა სახალხო დამცველის რწმუნებულები, დაეტოვებინათ სამორიგეო.

ომბუდსმენის შეფასებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გიორგი რევაზიშვილმა დაბრკოლება შეუქმნა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიმართ, რითაც დაარღვია საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი და გადაამეტა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.

საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს, დაიწყოს წინასწარი გამოძიება საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის, გიორგი რევაზიშვილის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის დაბრკოლების შექმნისა და საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტთან დაკავშირებით, რადგან გიორგი რევაზიშვილის ქმედებებში ასევე იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

ომბუდსმენმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავსი მოთხოვნით რამდენიმე კვირის წინაც მიმართა პოლიციელ ლაშა ჯაყელთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ხომ არ გატარდა რაიმე სანქცია იმ პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებმაც, ომბუდსმენის ინფორმაციით, მის წარმომადგენლებს ხელი შეუშალეს საქმიანობაში.

კომენტარები