ახალი ავტომობილები

ხელისუფლების მიერ ნაყიდი 10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი

Mercedes Benz s500L

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, 21 ოქტომბერს, გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ასახულია 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 ივლისამდე ხელისუფლების მიერ ნაყიდი, ასევე, სახელმწიფო უწყებებისთვის ნაჩუქარი ავტომობილების რაოდენობა და ღირებულება.

საიას მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში მოცემულია ინფორმაცია 10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილის შესახებაც, რომელიც სახელმწიფო უწყებებმა შეიძინეს. 10-ვე ავტომობილი ყოფილი ხელისუფლების მიერ, 2012 წლის ოქტომბრამდეა ნაყიდი.

ყველაზე ძირადღირებული ავტომობილი Mercedes Benz 500L შინაგან საქმეთა სამინისტრომ 110 000 ევროდ 2012 წლის ივლისში იყიდა.

173 100 ლარი რუსთავის მერიამ და საკრებულომ ახალთახალ Land Rover Range Rover-ში 2011 წელს გადაიხადა.

ათეულში მესამე ადგილი სიძვირის მიხედვით Toyota Lexus LX570-ს უჭირავს, რომლის შესასყიდად მთავრობის კანცელარიამ 2012 წლის 3 სექტემბერს 169 014 ლარი გადაიხადაю

მეოთხე ადგილზე ასევე Toyota Lexus LX570 იმყოფება, რომელშიც მთავრობის კანცელარიამ 2011 წლის აპრილში 167 756 ლარი გადაიხადა.

მეხუთე ადგილი ძვირადღირებულ ავტომობილებში უჭირავს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2011 წლის მარტში 136 300 ლარად ნაყიდ Mercedes Benz 350-ს.

შემდეგი ძვირადღირებული ავტომობილია Toyota land Cruiser 200, რომელშიც ფინანსთა სამინისტრომ 2011 წლის იანვარში 132 020 ლარი გადაიხადა.

ხელისუფლების მიერ ნაყიდ ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილებს შორის მეშვიდე ადგილი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ნაყიდ Toyota land Cruiser lc-ს უჭირავს 128 205 ლარით.

ძვირადღირებულ ავტომობილებს შორის ბოლო სამი ადგილზე 3 ერთეული Toyota land Cruiser 200-ია, რომელიც 2011-2012 წლებში ჯანდაცვის სამინისტრომ, მთავრობის კანცელარიამ და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა იყიდეს და თითოეულში 127 000 ლარამდეა გადახდილი.

საიას კვლევის მიხედვით, სახელმწიფო უწყებებმა 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 ივლისამდე ახალ ავტომობილებში სულ 90 მილიონამდე ლარი გადაიხადეს.

 

კომენტარები