სირიის საპრეზიდენტო არჩევნები

ბაშარ ალ ასადი 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

ბაშარ ალ ასადი
Benoit Tessier / Reuters

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. სატელევიზიო ინტერვიუს დროს ასადმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს ვერანაირ დაბრკოლებას იმისთვის, რომ შემდეგ არჩევნებში თავისი კანდიდატურა წამოაყენოს.

პრეზიდენტმა ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებაზეც ისაუბრა, მისი თქმით, ჟენევაში მიწვეული ოპოზიციური ჯგუფები არა სირიელი ხალხის, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებს წარმოადგენენ. ასადმა სირიელ მუსლიმ ძმებს ტერორისტული დაჯგუფება უწოდა.

პარალელურად, ლონდონში 11 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც ჟენევის მოლაპარაკების მეორე რაუნდის მოსამზადებელ სამუშაოებს ეძღვნება. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა სირიის ოპოზიციას მოუწოდა, ნოემბერში დაგეგმილ მოლაპარაკებაში მონაწილეობა მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ სირიის ოპოზიცია ერთიანი არ არის და ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფებისგან შედგება. სირიაში მებრძოლი მეამბოხეები დევნილობაში მყოფ სირიის ოპოზიციას, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს, არ აღიარებენ.

ბაშარ ასადი სირიას მას შემდეგ მართავს, რაც 2000 წელს ძალაუფლება მამისგან გადმოიბარა. 2011 წელს მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს სირიის რეჟიმი ძალადობრივი ხერხებით გაუსწორდა, რის შედეგადაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო. დაპირისპირებას სირიაში 100 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანს კი საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუხდა.

კომენტარები