ჩეხეთი

მეტამორფოზა ანუ პოლიტიკა ჩეხურად

გრეგორ ზამზამ ერთ დღეს გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ უცნაური გარდასახვა განიცადა – უზარმაზარ, მწერის მაგვარ ურჩხულად გადაიქცა. ასწლეულის შემდეგ, ფრანც კაფკასეულ „მეტამორფოზას" უკვე ჩეხური პოლიტიკა განიცდის.

ცოტა ხნის წინ, უპრეცედენტო ეკონომიკური რეცესიისა და თვრამეტთვიანი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ჩეხეთის პარლამენტმა თვითდაშლა გამოაცხადა და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა. „ლიდერობის სრული ვაკუუმი" – ასე აფასებს ჟურნალი Economist-ი სიტუაციას ჩეხეთში, სადაც 140 პარლამენტარი პოლიტიკური უნდობლობისა და არასტაბილურობის გამოსასწორებელ შანსს ვადამდელ არჩევნებში ხედავს.

საქმე ისაა, რომ უკანასკნელ თვეებში, ცენტრალური ევროპის 10-მილიონიან სახელმწიფოში მთავრობა უკვე მეორედ იცვლება. ივნისში მემარჯვენე პრემიერმინისტრი პიტერ ნეჩასი თავისი უახლოესი მრჩევლისა და ადმინისტრაციის უფროსის ირგვლივ აგორებული სკანდალის ფონზე გადადგა. პოლიციამ იანა ნაგიოვა პარლამენტის წევრების მოსყიდვისა და სახელმწიფო დაზვერვის უკანონო გამოყენებისთვის დააკავა. როგორც ირკვევა, ნაგიოვა ნეჩასის მეუღლის შესახებაც აგროვებდა ინფორმაციას. ჩეხეთის ისტორიაში პოლიციის უპრეცედენტო ოპერაციის შედეგად, ასევე დაკავებულია ორი პარლამენტარი, ყოფილი მინისტრი და სამხედრო დაზვერვის რამდენიმე მაღალჩინოსანი.

ვაცლავ კლაუსი
ნეჩასის შემცვლელის, მემარცხენე ეკონომისტის – ჟირი რუსნოკის მთავრობა ექვსი კვირის თავზე გადააყენეს. საქმე ისაა, რომ ნეჩასის გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა მთავრობა პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე დააკომპლექტა, რასაც მემარჯვენე პარტიებმა უნდობლობის ვოტუმით უპასუხეს. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო ხვრელის გამო, პრეზიდენტს ვალდებულება არ აქვს, რუსნოკის შემცვლელის კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარადგინოს. ამდენად, ტექნოკრატი რუსნოკი პოსტს არჩევნების შემდგომი მთავრობის ფორმირებამდე შეინარჩუნებს. აღსანიშნავია, რომ ამ მოკლე დროშიც კი, მთავრობამ სხვადასხვა სამინისტროს 60-მდე მაღალჩინოსანს დაატოვებინა თანამდებობა.
პოლიტიკურ რბოლას ბოლო დროს ახალი ფორვარდი – პრეზიდენტი მილოშ ზემანი გამოუჩნდა. პოლიტიკური პროცესების გამწვავებას კომენტატორები სწორედ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ძალაუფლებისთვის დაუნდობელი ბრძოლით ხსნიან.

მართლაც, პრეზიდენტი ზემანი ბოლო დროს სულ უფრო მეტად ცდილობს საკუთარი გავლენის გაძლიერებას. ივნისში პიტერ ნეჩასის მთავრობის გადადგომის შემდეგ, მემარჯვენე კოალიციური პარტნიორები: სამოქალაქო დემოკრატიული პარტია (ODS), კონსერვატიული TOP 09 და ლიბერალ-დემოკრატები (LIDEM) კვლავ შეეცადნენ მთავრობის ფორმირებას. მიროსლავა ნემცოვას კაბინეტმა პრეზიდენტის მიერ ოფიციალური წარდგინებისთვის კანონმდებლობით დადგენილი უმრავლესობის – 101 დეპუტატის ხელმოწერა მოაგროვა. მიუხედავად ამისა, მილოშ ზემანმა მოულოდნელად უარი თქვა სამთავრობო კანდიდატად მემარჯვენე კოალიციის დასახელებაზე და პარლამენტის გვერდის ავლით, საკუთარი ნდობით აღჭურვილი ჟირი რუსნოკის მთავრობა დაამტკიცა. მსგავსი რამ ჩეხეთის უახლეს ისტორიაში პირველად მოხდა. პარლამენტის საქმიანობაში ასეთ უპრეცედენტო ჩარევას პოსტკომუნისტური ჩეხეთის პირდაპირი წესით არჩეული პირველი პრეზიდენტი ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხით ხსნის. ზემანი მიიჩნევს, რომ 3 მილიონი ამომრჩევლის ხმა არცერთ პარტიას არასდროს მიუღია, ეს კი მისდამი მოსახლეობის ნდობასა და მხარდაჭერას ადასტურებს.
მოწინააღმდეგეები ზემანის უჩვეულო აქტიურობას „პუტინისტურ" ტაქტიკას უწოდებენ და ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებს ბოროტად იყენებს, შეკავებისა და გაწონასწორების სისტემას ებრძვის და ქვეყანა საპრეზიდენტო მმართველობისკენ მიჰყავს. „დაიწყო ის ახალი ერა, როდესაც პრეზიდენტი ზემანი პოლიტიკურ პარტიებზე გავლენას საგრძნობლად აძლიერებს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში მისი მოქმედებებიდან ჩანს, რომ პრეზიდენტმა საკუთარი ძალაუფლება განიმტკიცა", – მიიჩნევს პოლიტიკური ანალიტიკოსი ინდრიჟ სიდლო.

ჟირი რუსნოკი
მილოშ ზემანი გამოცდილი მემარცხენე პოლიტიკოსია, რომელიც ჩეხეთის მმართველ წრეებში სოციალიზმის დამხობის დღიდან ფიგურირებს. ზემანი წლების მანძილზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, 1998-2002 წლებში პრემიერმინისტრის პოსტი ეკავა, ხოლო 2009 წელს სამოქალაქო უფლებების პარტია დააფუძნა. „ზემანიტების" დაფინანსების წყაროებს ხშირად რუსეთს უკავშირებენ. აღსანიშნავია თავად ზემანის სიახლოვეც რუსულ ბიზნეს და პოლიტიკურ ელიტებთან.

სახელმწიფოს მეთაური საგარეო პოლიტიკაზე გავლენის გაძლიერებას ელჩების დანიშვნაში აქტიური მონაწილეობით ცდილობს. შიდა და საგარეო პროცესებში პრეზიდენტის ასეთი უპრეცედენტო ჩარევა ჩეხეთის პოლიტიკური სისტემის სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყველა სამთავრობო კოალიციის წამყვან ძალას – კონსერვატიულ სამოქალაქო დემოკრატიულ პარტიას – მემარცხენე სოციალ-დემოკრატებთან დამარცხებას უწინასწარმეტყველებს. ეს უკანასკნელი ამომრჩევლებს სოციალური პროგრამების გაფართოებას, ხოლო მათ დასაფინანსებლად ენერგომატარებლებზე და სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე გადასახადების გაზრდას ჰპირდება. წინასწარი კვლევების მიხედვით, პარტიის რეიტინგი 30%-ის ირგვლივ მერყეობს, შესაბამისად, მთავრობის ფორმირებისთვის შედარებით მცირე ზომის პარტიების მხარდაჭერა იქნება საჭირო.

იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბრის არჩევნებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, „ზემანიტები", სავარაუდოდ, სოციალ-დემოკრატების კოალიციურ პარტნიორებად მოგვევლინებიან.

ამავე ბლოკში მოიაზრება ჩეხეთის კომუნისტური პარტიაც, რომელიც 20-წლიანი პაუზის შემდეგ, შესაძლოა, პირველად დაუბრუნდეს ქვეყნის მართვას. მიუხედავად იმისა, რომ ჩეხების დიდი ნაწილისთვის კომუნისტების 41-წლიანი მმართველობა სისხლიან მოგონებებს უკავშირდება, დღეს, მოდერნიზებული კომუნისტები უკვე წარმოდგენილნი არიან ადგილობრივ თვითმმართველობებსა და პარლამენტში. სააგენტო SANEP-ის კვლევის მიხედვით, კომუნისტებს ამომრჩეველთა 17% უჭერს მხარს. სოციალ-დემოკრატების ლიდერი, ფინანსთა ყოფილი მინისტრი და პრემიერმინისტრობის კანდიდატი – ბოჰუსლავ სობოტკა – კომუნისტებთან მოლაპარაკებებს არ გამორიცხავს.

კარელ შვარცენბერგი
თვითდაშლამდე ჩეხეთის პარლამენტის წამყვან ძალებს სოციალ-დემოკრატები, სამოქალაქო დემოკრატიული პარტია და TOP 09 წარმოადგენდნენ. დანარჩენი მანდატები კომუნისტებს, ლიბერალ-დემოკრატებს, საჯარო საქმეს (VV), ნაციონალ-სოციალისტებს და რამდენიმე სხვა მცირე ზომის პარტიას, ასევე დამოუკიდებელ დეპუტატებს ეკავათ. ისედაც ფრაგმენტირებულ პოლიტიკურ არენაზე ბოლო დროს სხვა ახალი პარტიებიც გამოჩნდნენ. მათ ნაწილს 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური შანსი აქვს.

TOP 09, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემანის მთავარი მეტოქე და კრიტიკოსი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, კარელ შვარცენბერგი ლიდერობს, სამოქალაქო დემოკრატების ყოფილ მომხრეებს იზიდავს. იმის გათვალისწინებით, რომ პიტერ ნეჩასის მთავრობა ბოლო პერიოდში მხოლოდ 9%-იანი ნდობით სარგებლობდა, TOP 09 მემარჯვენე ამომრჩევლებისთვის ალტერნატივად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ არცთუ შორეულ წარსულში ნეჩასის მთავრობასთან კოალიციური პარტნიორობა პარტიის შანსებზე შესაძლოა უარყოფითად აისახოს, TOP 09 პარლამენტში მაინც მოხვდება. მეტიც, ევროკავშირის მომხრე პარტია, გამოცდილი, სტრატეგიული ხედვის მქონე პოლიტიკოსების წყალობით, შესაძლოა, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მემარჯვენე ფრთის წამყვან ძალად მოგვევლინოს. შვარცენბერგის მთავარი წინასაარჩევნო პირობა საპარლამენტო დემოკრატიის პრეზიდენტის ზედმეტი ჩარევისგან დაცვაა.

მილოშ ზემანი
პოლიტიკურ არენაზე ახლახან გამოჩენილი Ano 2011 სიმდიდრით მეორე ჩეხი ოლიგარქის, ანდრეი ბაბიშის პროექტია. 200-ზე მეტი კომპანიის მფლობელი Agrofert Holding-ის დამფუძნებელი მილიარდერი ბიზნესმენი შეუზღუდავ ფინანსურ რესურსებს არა მხოლოდ ამერიკული პიარკომპანიების დაქირავებაში, არამედ მედიასაშუალებების ყიდვაშიც იყენებს. პოლიტიკური კომენტატორების ნაწილი შიშობს, რომ მალე შესაძლოა „ჩეხი ბერლუსკონი" მივიღოთ. ამ ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ ბაბიშის პარტიის გაცხადებული იდეოლოგია ძირითადად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკმაოდ ბუნდოვან დაპირებებს ეფუძნება. მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა ასევე მოიცავს უმუშევრობასთან ბრძოლას და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მიუხედავად იმისა, რომ პარტია ცნობილი იურისტებით, ეკონომისტებით, დიპლომატებითა და ჟურნალისტებითაა დაკომპლექტებული, დღემდე ძალიან ცოტაა ცნობილი მათ პოლიტიკურ, განსაკუთრებით კი, საგარეო ხედვაზე. შესაბამისად, კრიტიკოსები ბაბიშის პოლიტიკურ გამოუცდელობაზე ხშირად მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მართვა მხოლოდ ბიზნესმეთოდებით შეუძლებელია.

ბიზნესიდან მოვიდა პოლიტიკაში ტომიო ოკამურაც. იაპონური წარმოშობის ჩეხი კომერსანტი ტურისტულ სფეროში მოღვაწეობდა. იმის გათვალისწინებით, რომ მისი კომპანია მომხმარებელს ინოვაციურ სერვისს – ფუმფულა სათამაშოების სამოგზაუროდ გაშვებას სთავაზობდა, ოკამურა კრეატიულობის დეფიციტს ნამდვილად არ უჩივის. „პირდაპირი დემოკრატიის განთიადი" – ასე ჰქვია ოკამურას პარტიას, რომელიც ამომრჩევლის მხარდაჭერის მოსაპოვებლად პოპულიზმს და ნაციონალისტურ განცხადებებს არ ერიდება. ოკამურას მთავარი გზავნილი მმართველობის საპრეზიდენტო სისტემის დამკვიდრება და იმიგრაციის გამკაცრებაა.

ტომიო ოკამურა
როგორც ირკვევა, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსიც. ცოტა ხნის წინ, სატელევიზიო ინტერვიუში, გავლენიანმა ევროსკეპტიკოსმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული „უიმედო მდგომარეობის გამო", საპარლამენტო ცხოვრებაში კვლავ ჩართვა გადაწყვიტა. ვაცლავ კლაუსი პოლიტიკაში პოსტკომუნისტურ წლებში გამოჩნდა, 1998 წელს კი მილოშ ზემანთან კოალიციაში შევიდა და მარტის არჩევნებზეც ყოფილ პარტნიორს დაუჭირა მხარი. თავის მხრივ, გაპრეზიდენტებულმა ზემანმა კლაუსის ცოლი სლოვაკეთის ელჩად დანიშნა. გამოცდილი ტანდემის მმართველობას მრავალი კრიტიკოსი ჰყავს. მათ შორისაა ბიზნესწრეების განუზომელი გავლენის დამკვიდრება პოლიტიკაზე, ინტერესჯგუფების ლობირება და კორუფცია. დღეს, ორი პოლიტიკური ვეტერანი დაპირისპირებულ ბანაკებში აღმოჩნდა. კლაუსის ინიციატივას არაერთი მხარდამჭერი და დაფინანსების წყარო გამოუჩნდა, თუმცა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ახალი პარტიის დაფუძნება ვეღარ მოესწრება. ამდენად, საინტერესოა, თუ რომელ არსებულ პოლიტიკურ ჯგუფთან მოხდება ყოფილი პრეზიდენტის ასოცირება.

წარმომადგენელთა პალატაში მოხვედრის შანსს ლიბერალ-დემოკრატები, ნაციონალ-სოციალისტები, ქრისტიან-დემოკრატები და ახლადრეფორმირებული მწვანეებიც ინარჩუნებენ.

მიუხედავად ახალი სახეების უპრეცედენტო ნაკლებობისა, ასეთი ახლადაღმოცენებული პარტიების პარლამენტში შესვლა გარკვეულ საფრთხეებსაც შეიცავს. პარტიული ფრაგმენტაცია აქამდეც არაერთხელ გამხდარა კოალიციური მთავრობის ჩამოშლის მიზეზი. პოლიტიკური სპექტრის კვლავ დანაწევრებამ მთავრობის ფორმირება შესაძლოა მომავალშიც გაართულოს და უკვე არსებული კრიზისი კიდევ უფრო გააღრმაოს. გარდა ამისა, პატარა პარტიები შეეცდებიან, გამოიყენონ ის ფაქტი, რომ დიდ პარტიებს კოალიციური პარტნიორები დასჭირდებათ და საკუთარი გავლენა გააძლიერონ. ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, შესაძლოა, ამომრჩევლის ინტერესები დავიწყებას მიეცეს.

პიტერ ნეჩასი
აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი პარტიების უმრავლესობა მემარჯვენე ფლანგზე აღმოცენდა – იქ, სადაც პიტერ ნეჩასის სკანდალური გადადგომის გამო ODS-ის დისკრედიტაციის შედეგად ერთგვარი ნიშა შეიქმნა. ეს აძლიერებს კრიტიკოსების მოსაზრებას, რომ ახალი პარტიები ოპორტუნიზმის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან: კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გატარებას ისახავენ მიზნად და არა მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვას. ალბათ, ასეთი განვითარება განაპირობებს იმას, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტულობის ანგარიშის მიხედვით, ჩეხეთი 148 ქვეყნიდან 146-ე ადგილს იკავებს პოლიტიკოსებისადმი ნდობის თვალსაზრისით.

ვადამდელ არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ორი უმთავრესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება: გადაღლილი ამომრჩევლის ნდობის დაბრუნება და ღრმა რეცესიის შეჩერება.

პირველ რიგში, ახალ კაბინეტს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება მოუწევს. ჩეხეთის კანონმდებლობის მიხედვით, ბიუჯეტის პროექტის განხილვა სექტემბერში უნდა დაწყებულიყო, რაც ვერ მოხერხდა. საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი 2011 წლიდან რეცესიას განიცდის. წინა მთავრობას ევროპული ფინანსური კრიზისის ფონზე მწვავე ხარჯშემკვეცი ზომების მიღება მუდმივი დაძაბულობის ფონზე უწევდა, რამაც ეკონომიკური აქტივობა კიდევ უფრო შეამცირა.

220-მილიარდდოლარიანი ეკონომიკა ექსპორტზე მოთხოვნის მნიშვნელოვანმა შემცირებამ საგრძნობლად დააზარალა. განსაკუთრებული დარტყმა განიცადა ჩეხურმა ავტოინდუსტრიამ. ასევე, შემცირდა ეროვნული ვალუტის – კრონის მსყიდველობითუნარიანობა. ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები ჩეხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 75%-ს შეადგენს. ამდენად, ახალ მთავრობას, როგორც მინიმუმ, წინა წლის სტატუსკვოს აღსადგენად, სერიოზული ძალისხმევის გაღება მოუწევს.

ანდრეი ბაბიში
ახლადარჩეულ კაბინეტს შესაძლოა ქვეყნის ისტორიაში უმსხვილესი კომერციული გარიგების დადებაც მოუწიოს. საქმე ეხება 10-მილიარდდოლარიან ინვესტიციას, რომელიც სახელმწიფოს 70%-იან საკუთრებაში არსებული ტემელინის ბირთვული ენერგოსადგურის რესტრუქტურიზაციას უნდა მოხმარდეს.

გამორიცხული არაა, ახალმა მთავრობამ ხარჯშემკვეცი ზომებით გადაღლილ მოსახლეობას მდგომარეობა საგარეო ვალისა და საბიუჯეტო დეფიციტის ზრდით შეუმსუბუქოს. ამ ეტაპზე, ჩეხეთი ორივე მაჩვენებელში ევროკავშირის მიერ დადგენილ მინიმუმს ქვემოთაა.

ჩეხეთის არჩევნები ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანი ტესტია. ამ დრომდე, ევროკავშირის წევრობა დემოკრატიული მმართველობისა და მაღალი ხარისხის დემოკრატიის სინონიმად ითვლება. ჩეხმა პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რომ საკუთარი მოსახლეობის და გარე პარტნიორების იმედები გაამართლონ. არჩევნები 25-26 ოქტომბერს, კონსტიტუციურ ვადაზე 7 თვით ადრე გაიმართება. გამოკითხვებს თუ დავუჯერებთ, გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი სოციალ-დემოკრატებს აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ჩეხეთს მემარცხენე მთავრობა ეყოლება.

ჩეხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. მემარჯვენე კოალიციური მთავრობის სკანდალური გადადგომისა და ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, შესაძლოა, ქვეყნის მართვას 2006 წლიდან პირველად, მემარცხენე ძალები დაუბრუნდნენ. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, მთავარ მემარცხენე პარტიას – სოციალ-დემოკრატებს (CSDD) ამომრჩევლის 30-35% უჭერს მხარს, კომუნისტებს – 17%, კარელ შვარცენბერგის კონსერვატიულ TOP 09-ს – 15%, ყოფილი პრემიერმინისტრის, პიტერ ნეჩასის სამოქალაქო დემოკრატებს (ODS) – 12-13%, ხოლო პრეზიდენტ მილოშ ზემანის მხარდამჭერ მოქალაქეთა უფლებების პარტიას („ზემანიტები") – ამომრჩევლის 5%-მდე ემხრობა.


წარმომადგენელთა პალატაში მოსახვედრად 5%-იანი ბარიერის გადალახვა შესაძლოა ახლადაღმოცენებულმა პარტიებმა, მათ შორის, ჩეხი ოლიგარქის, ანდრეი ბაბიშის Ano 2011-მა, იაპონური წარმოშობის ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის ტომიო ოკამურას პოპულისტურმა პირდაპირი დემოკრატიის განთიადმა, ასევე ყოფილი პრეზიდენტის – ევროსკეპტიკოსი ვაცლავ კლაუსის პოლიტიკურმა ძალამაც მოახერხონ. პარლამენტში მოხვედრის შანსს ასევე ინარჩუნებენ ლიბერალ-დემოკრატები, ნაციონალ-სოციალისტები და ქრისტიან-დემოკრატები.

კომენტარები