ლაფანყურის სპეცოპერაციის საზოგადოებრივი საბჭო

უჩა ნანუაშვილი: კომისიის მიერ მოპოვებული ყველა ინფორმაცია კონფიდენციალურია

facebook.com/UchaNanuashvili

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიების მიზნით შექმნილი კომისიის მიერ მოპოვებული თითოეული ინფორმაცია კონფიდენციალურია. როგორც ომბუდსმენმა საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, კომისიას ლაფანყურის სპეცოპერაციაზე კითხვები აქვს და მის ხელთ არსებული რესურსებით შეეცდება სიმართლის გარკვევას. 

"ჩვენს მიერ მოპოვებული თითოეული ინფორმაცია კონფიდენციალურია და წევრებს მისი გახმაურება ეკრძალებათ. ეს არ არის საგამოძიებო მისია, რეალურად, ეს საბჭო არის იმისთვის, რომ მოიძიოს და გადაამოწმოს კონკრეტული ფაქტები ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ასევე, დადოს ანგარიში და რეკომენდაციები სხვადასხვა სტრუქტურებისადმი", - აღნიშნა ნანუაშვილმა. 

მისივე თქმით, კომისია შეეცდება გამოკითხოს ყველა ის პირი, ვისაც შესაძლოა რაიმე კონკრეტული ინფორმაცია გააჩნდეს, მათ შორის, კერძო პირები, ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. რაც შეეხება ყოფილ მაღალჩინოსნებს, უჩა ნანუაშვილის განმარტებით, თუ თავად მაღალჩინოსნების სურვილი იქნება, კომისია მათგანაც მოისმენს ინფორმაციას. 

"მე არ ვიცი, როგორ მიდის გამოძიება, ვიცი ის, რომ ლაფანყურთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხი გაცემული არ არის. წელიწადი და ორი თვეა, ლაფანყურთან დაკავშირებით როგორც დაზარალებულების, ასევე საზოგადოების წარმომადგენების მხრიდან ისმის კითხვები", - თქვა ნანუაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, დღეს საბჭომ დებულების პროექტი განიხილა და სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, მომდევნო შეხვედრა 2-3 კვირაში გაიმართება.

ცნობისთვის, ლაფანყურში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ინიციატივით საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნა, რომელიც 12 წევრისაგან შედგება. უჩა ნანუაშვილის გარდა, კომისიაში არიან - სოსო ცისკარიშვილი, ლია მუხაშავრია, უმარ იდიგოვი, ზაურ გუმაშვილი, ხასო ხანგოშვილი, მორატ ქავთარაშვილი, ვახტანგ მაისაია, კახა კახიშვილი, მამუკა არეშიძე, თამარ გაბისონია და გელა ნიკოლაიშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისია ეფექტიანი არ იქნება.

კომენტარები