არჩევნები 2013

ცესკო: მთლიანი ამომრჩევლის 17.15%-მა მისცა ხმა

12 საათისთვის მთლიანი ამომრჩევლების 17.15%-მა გამოხატა თავისი აზრი, რაც არის 606 710, რომლებიც უკვე მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და თავიანთი არჩევანი გააკეთეს. ამის შესახებ  ცესკოს პრესსპირკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის აქტიურია თბილისი, რაჭა-ლეჩხუმი და გურია. 

აზარაშვილმა იმ დარღვევებზეც ისაუბრა, რომლებიც მოხდა არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ საზღვარგარეთ. ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი ათენშია გახსნილი. "მოქალაქეები, რომლებიც მოხსნილი არიან რეგისტრაციიდან, ვერ აძლევენ ხმას და ამან გამოიწვია მათი პროტესტი. როგორც გახსოვთ, ჩვენ გამოვაცხადეთ საზღვარგარეთ რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების რაოდენობა, რაც შეადგენს 3979-ს. სამწუხაროდ, კანონის მიხედვით, ისინი ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას", - განაცხადა აზარაშვილმა.

რაც შეეხება ადგილობრივ დარღვევებს, ცესკოს მონაცემებით, კრწანისის მე-12 უბანზე სამმა ადამიანმა პირადობის მოწმობა წარადგინა უფლებამოსილი პირის ხელმოწერის გარეშე და კომიასიამ მათ არ მიაღებინა არჩევნებში მონაწილეობა. შელაპარაკება მოხდა ახალციხის 35-ე უბანთან, თუმცა უბნის შიგნით ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. "ლუქებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები იყო საბურთალოს 63-ე უბანზე, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, საარჩევნო ყუთზე ლუქი შესაბამისად არის გაკეთებული", - აღნიშნა აზარაშვილმა. 

კომენტარები