პატრიკ ჰიკის ვიზიტი

პატრიკ ჰიკი: ოლიმპიური სოფლის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

olympics.ie

თბილისში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი იმყოფება. დღეს, ჰიკის პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უმასპინძლა.

შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების კომისიის თავმჯდომარე გვიდო დე ბონდიც ესწრებოდნენ.

მხარეებმა თბილისში 2015 წელს გასამართი ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზეც ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ, პატრიკ ჰიკი ოლიმპიურ სოფელში გაემგზავრა, მოგვიანებით კი მძლეოსნობის განახლებული მანეჟი დაათვალიერა.

"საქართველოს პრემიერმინისტრთან გამართული შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ, რასაკვირველია, მომავალ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზეც. რაც შეეხება ოლიმპიურ სოფელს, მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, 2015 წელს თბილისი ოლიმპიურ ფესტივალს ღირსეულად უმასპინძლებს", - განაცხადა პატრიკ ჰიკიმ.

კომენტარები