პრეზიდენტის ადმინისტრაცია

აბაშიძე: თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით დათხოვნა მასობრივად არ მოხდება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი უფროსის ლაშა აბაშიძის თქმით, ახალ ადმინისტრაციაში რესტრუქტურიზაცია იგეგმება. თუმცა, თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით დათხოვნა მასობრივად არ მოხდება.

„როგორც ცნობილია, ახალი პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები განსხვავებულია, იქმნება ახალი პოლიტიკური რეალობა, შესაბამისად, ადმინისტრაციის ფორმირება მოხდება იმ ახალი გარემოების მიხედვით, რომელიც იქმნება ინაუგურაციის შემდეგ. ჩვენ ვაპირებთ გარკვეულ რესტრუქტურიზაციას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მოხდეს გარკვეული საკადრო ცვლილებები“, - თქვა აბაშიძემ.

აბაშიძის თქმით, ადმინისტრაცია პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტდება.

”ჩვენ გვყავს გარკვეული გუნდი, რომელიც ძალიან კვალიფიციური და მაღალი მოტივაციისაა, აქედან გამომდინარე, რესტრუქტურიზაციის შედეგად დაკომპლექტდება პროფესიონალური გუნდი. უკვე კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებებზე, თუ ვის რა პოზიცია ეკავება, ამის შესახებ 17 ნოემბრის შემდეგ გახდება ცნობილი“, - თქვა აბაშიძემ.

აბაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მარგველაშვილმა საქმიანი და პროფესიული ურთიერთობებიდან გამომდინარე შეარჩია.

"ბოლო პერიოდში ჩვენი ნათესაური კავშირის შესახებ გარკვეული ინფორმაციები გავრცელდა, მაგრამ მინდა დავადასტურო, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ არანაირი ნათესაური კავშირი არ გვაქვს. ჩემთვის ნდობის გამოცხადება განპირობებულია მხოლოდ საქმიანი და პროფესიული ურთიერთობებიდან გამომდინარე. ხოლო ის, რომ 8 წლის წინ ნათესაური კავშირი გვქონდა, ამას, რა თქმა უნდა, ვადასტურებ. მე ვიყავი სტუდენტი, როცა ბატონი გიორგი იყო ჯიპას რექტორი. აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მას შემდეგ მე ვმუშაობდი განათლების სამინისტროში აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ბოლო პერიოდის განმავლობაში კი ვიყავი საარჩევნო შტაბში, კერძოდ, საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველი, ასევე გახლდით ცესკოში მისი წარმომადგენელი, ასე რომ, ჩვენ გვაქვს პროფესიული და საქმიანი ურთიერთობები", - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.

კომენტარები