სასამართლო სტატისტიკა

სასამართლოების გამამართლებელი განაჩენები 2013 წელს 69.4%-ით შემცირდა

საქართველოს სასამართლოების მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 2013 წლის 9 თვეში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 69.4%-ით შემცირდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, 2013 წლის 9 თვეში პირველი ინსტანციის სასამართლოებმა სულ 1 123 საქმე განიხილეს, რომელშიც ბრალდებული იყო 1 429 პირი. აქედან, სასამართლოებმა გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს 26 საქმეზე 43 პირთან მიმართებით, ხოლო ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი გამოვიდა 22 საქმეზე (28 პირი). 2012 წლის 9 თვეში სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო. გასული წლის იანვარ-სექტემბერში სასამართლოებმა არსებითად განხილული 924 საქმიდან, რომელშიც ბრალდებული 1 137 პირი იყო, გამამართლებელი განაჩენი სულ 85 საქმეზე (110 პირი) გამოიტანეს.

2012 წლის 9 თვეში გამამართლებელი განაჩენით არსებითად განხილული საქმეების 9.2% დასრულდა, 2013 წელს კი მხოლოდ - 2.3%.

თუმცა, 2013 წელს 14.9-ჯერ არის გაზრდილი სასამართლო განხილვისას შეწყვეტილი საქმეების რაოდენობა. 2013 წლის 9 თვეში შეწყდა 335 საქმე, 2012-ში - 21.

გამამართლებელი განაჩენის კლების პარალელურად, მოიმატა სასამართლოებში განხილული საქმეების რაოდენობამ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 2013 წლის 9 თვეში 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 19.1%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე განიხილეს.

2013 წლის 9 თვეში სასამართლოებში სულ განიხილეს 9 129 საქმე (10 707 პირი), ხოლო 2012 წლის 9 თვეში - 7 668 საქმე (9 356 პირი). განხილული საქმეებიდან სასამართლოებმა განაჩენი გამოიტანეს 8 726 საქმეზე, რაც გასული წლის მონაცემზე 14.7%-ით (873 საქმე) მეტია.

გარდა ამისა, სასამართლოებმა 2013 წელს საპროცესო შეთანხმება საქმეების 91%-ზე დაამტკიცეს, 2012 წელს ეს მაჩვენებელი 88% იყო.

კომენტარები