პარაგლაიდინგი, როგორც სპორტი, 1952 წელს ჩამოყალიბდა. სპორტული შეჯიბრებები და ჩემპიონატები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმართება. პარაპლანით ფრენები შესაძლოა რამდენიმე საათს გაგრძელდეს და ასობით კილომეტრი დაიფაროს. პარაპლანით ფრენებს ხშირად იყენებენ ლამაზი ლანდშაფტების, ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა თუ შენობა-ნაგებობების აერო ფოტო და ვიდეო მასალის შესაქმნელად. პარაგლაიდინგი მრავალ ქვეყანაშია განვითარებული როგორც სპორტი, ასევე პოპულარული გასართობი საშუალება. პარაგლაიდინგის განვითარების მხრივ მსოფლიოში ნომერ პირველ ქვეყნად საფრანგეთი ითვლება 25,000 მფრინავით, ასევე გერმანია, ავსტრია შვეიცარია, იაპონია და კორეა 10,000-20,000 მფრინავით. პარაგლაიდინგი პოპულარულია ძირითადად მაღალმთიან ქვეყნებში და საქართველოს ამ მხრივ ძალზედ დიდი პოტენციალი გააჩნია.
საქართველოში დაახლოებით 50 პროფესიონალი პარაგლაიდერია, რომლებიც გაწევრიანებულნი არიან საქართველოს პარაპლანერთა ასოციაციაში, ხოლო მოყვარული მფრინავი წელიწადში დაახლოებით 600-700-ს აღწევს. ზაფხულში ფრენები ეწყობა ყოველ შაბათ-კვირას თბილისის ზღვის თავზე ან რუსთავში, ასევე შესაძლებელია ფრენების განხორციელება ყაზბეგში, სვანეთში, თუშეთში, ბათუმში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ზამთარში ფრენებისთვის საუკეთესო პირობები გუდაურშია. ასევე წელიწადში რამდენიმეჯერ იმართება პარაგლაიდინგის ფესტივალები, ღონისძიებები, მედიატურები და სხვა ტიპის პიარ კამპანიები.