რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ჩიორა თაქთაქიშვილი მარგველაშვილის ინტერვიუს სამარცხვინოს უწოდებს

სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის ოკუპანტთან საუბარში სიტყვა ოკუპაციას არ ახსენებს, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

ჩიორა თაქთაქიშვილი გიორგი მარგველაშვილის მიერ რუსეთის პირველი არხის პროგრამა Воскресное Время-სთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა. მისი აზრით, სამარცხვინოა, როდესაც პრეზიდენტი არცერთხელ არ ახსენებს დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების აუცილებლობას და არ საუბრობს იმ უმთავრეს სახელმწიფოებრივ და ეროვნული სუვერენიტეტის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში არსებობს.

"ასეთი ქმედებები, სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ უარეს შედეგებს მოიტანს საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკვე 20 წლის განმავლობაში არიან იმ სურვილით განმსჭვალულნი, რომ საქართველო გახდეს მართლაცდა დამოუკიდებელი ქვეყანა. როდესაც პრეზიდენტი არ სცემს ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს, მაშინ ნამდვილად ალბათ არ უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი და რომელიმე სხვა ქვეყანა პატივს სცემს ჩვენს სუვერენიტეტს", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა. 

გიორგი მარგველაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველომ გადადგა პირველი ნაბიჯი დაძაბულობის შემცირებისკენ.

"ჩვენ განვაცხადეთ, რომ შევეცდებით ჩვენი დიალოგი აგრესიული ურთიერთობებიდან რაციონალურ ჩარჩოებში გადავიტანოთ. ამისკენ შესაბამისი ნაბიჯებიც გადავდგით - ზურაბ აბაშიძე მისიით მივავლინეთ პრაღაში, სადაც ეკონომიკური და კულტურული კავშირების მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ მონაწილეობას მივიღებთ რუსეთის ისტორიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაში - ოლიმპიურ თამაშებში და გავფანტეთ დაძაბულობის ფონი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე განიხილება სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა მხარდასაჭერად სახელმწიფოს მეთაურთა წასვლის საკითხი. მისივე თქმით, სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების გამგზავრება კარგი დასაწყისია იმისთვის, რომ არ შეიქმნას რაიმე პოლიტიკური დაძაბულობა.

კომენტარები