ადამიანის უფლებები

ომბუდსმენი პროკურატურისგან პოლიციელთა შესაძლო დანაშაულის გამოძიებას ითხოვს

ombudsman.ge

სახალხო დამცველმა ფოთის პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მთავარ პროკურორს რამდენიმე დღის წინ, 2013 წლის 30 ოქტომბერს მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის ოფისი დღეს, 12 ნოემბერს ავრცელებს. საქმე შეეხება მოქალაქე გურამ (მამუკა) ლაშქარავას მიმართ ფოთის პოლიციის თანამშრომლების მიერ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების ფაქტს.

სახალხო დამცველის განცხადებით, მოძიებული და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იძლევა იმის საფუძველს, რომ მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს.

"2013 წლის 18 სექტემბერს სახალხო დამცველს მიმართა ზაალ მიქავამ, რომელიც აცხადებდა, რომ 2013 წლის 4 სექტემბერს პოლიციის თანამშრომელმა ზვიად გულუამ მას და მის მეგობარ რატი აკობიას ადრე ნასამართლევი, ვინმე მამუკა ლაშქარავას მოკვლა შესთავაზა, რისთვისაც თავად მისცემდა იარაღს და მოსაფიქრებლად მისცა ერთკვირიანი ვადა. ზაალ მიქავა შიშობს, რომ მისი და მისი მეგობრის მიმართ პოლიციამ შესაძლოა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები გაატაროს.

ამასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წლის 20 სექტემბერს გურამ (მამუკა) ლაშქარავა პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.

ბრალდებული გურამ (მამუკა) ლაშქარავა საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ პოლიციის თანამშრომლები აიძულებდნენ ფოთის დატოვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, განადგურებით ან დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. აღნიშნულის თაობაზე გურამ (მამუკა) ლაშქარავა საუბრობდა ჯერ კიდევ 2013 წლის 14 აგვისტოს საინფორმაციო სააგენტო TSPRESS-ის ჟურნალისტის იზა სალაყაიასთვის მიცემულ ინტერვიუში.

გარდა ამისა, TSPRESS-მა 2013 წლის 17 აგვისტოს გაავრცელა გურამ (მამუკა) ლაშქარავას მეზობლების ინტერვიუები, სადაც მოქალაქეები აცხადებენ, რომ პოლიციის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ გურამ (მამუკა) ლაშქარავას საცხოვრებელ სახლს. ასევე, მეზობლების თქმით, მათ ეკითხებოდნენ ინფორმაციას ლაშქარავას ადგილსამყოფელის შესახებ. TSPRESS-ის თანახმად, პოლიციელები ავტომანქანის ხელოსან მალხაზ გვრიტიშვილს სთხოვდნენ გურამ ლაშქარავას მამხილებელი განცხადების დაწერას.

2013 წლის 26 აგვისტოს ამავე საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოში მოქალაქე გია გარუჩავას პოლიციის თანამშრომელმა ემზარ კალანდიამ, შესთავაზა გურამ (მამუკა) ლაშქარავასთვის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გადაცემა და აღნიშნულის თაობაზე პოლიციისთვის ინფორმაციის მიწოდება, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებს შესაძლოა განეხორციელებინათ სპეცოპერაცია, რასაც შედეგად მოჰყვებოდა გურამ (მამუკა) ლაშქარავას გარდაცვალება. მოქალაქე გია გარუჩავას მიერ TSPRESS-ისთვის მიცემული ინტერვიუს შესაბამისად, პოლიციის თანამშრომლები ზემოაღნიშნულის სანაცვლოდ, მისი შვილის ზურაბ გარუჩავას მიმართ გამოცხადებული ძებნის შეწყვეტას ჰპირდებოდნენ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. ამავდროულად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში", - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველმა ზაალ მიქავასა და გურამ (მამუკა) ლაშქარავას ახსნა-განმარტებების ასლები საქართველოს მთავარ პროკურორს გადაუგზავნა.

კომენტარები