ფარცხალაძის ქონება

ნადირაშვილი: მთავარმა პროკურორმა თბილისის პრესტიჟულ უბანში ბინა შეიძინა

news.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საჯარო რეესტრის ის ამონაწერი წარმოადგინა, რომელშიც საქართველოს მომავალი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიერ თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე შეძენილი ახალი ბინაა დაფიქსირებული. ნადირაშვილისთვის გაუგებარია, როგორ მოახერხა ოთარ ფარცხალაძემ ქონებრივ დეკლარაციაში აღწერილი ვალის მოკლე ვადაში გასტუმრება და მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ძვირადღირებული ბინის შეძენა.

"რა მოხდა სახელმწიფო ჩინოვნიკის ცხოვრებაში ისეთი, რომ ფარცხალაძემ მოახერხა და დაახლოებით 45 000 ლარის ვალი გაისტუმრა 5 თვის განმავლობაში. თუ მისი განცხადება შეესაბამება სინამდვილეს, როგორ მოახერხა უძრავი ქონების იპოთეკით დაუტვირთავად 100 000-დოლარიანი სესხის აღება. ჩვენ გადავამოწმეთ და ბინა ჯანაშიას ქუჩაზე არ არის იპოთეკით დატვირთული. თუ იყო კრედიტი აღებული 100 000 დოლარი, მაშინ გამოდის, რომ თბილისში ყველაზე პრესტიჟულ უბანში მომავალმა მთავარმა პროკურორმა ბინა შეიძინა კვადრატული მეტრი 600 დოლარად, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ასეთ უბნებში დაახლოებით კვადრატული მეტრის ღირებულება გახლავთ 1300 დოლარი", - თქვა ნადირაშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კი ამბობენ, რომ ფარცხალაძემ ბინა იმ კრედიტის მეშვეობით შეიძინა, რომელიც მან 5 ნოემბერს პროგრესბანკში აიღო. 

"გიდასტურებთ, რომ ბატონმა ოთარ ფირცხალაძემ იყიდა ბინა ჯანაშიას ქუჩაზე, ვერაზე. ამისათვის მან აიღო 100 000 დოლარი პროგრესბანკიდან კრედიტი. კრედიტი გაფორმებულია სრული საბანკო პროცედურის დაცვით. კრედიტი არის ათწლიანი და ამ ათი წლის განმავლობაში ბატონი ოთარი დაფარავს, რა თქმა უნდა, ბანკის დავალიანებას. საქართველოს მოსახლეობის 90%-ს გამოტანილი აქვს საბანკო კრედიტები და ამაში ვერაფერ უცნაურს ვერ ვხედავ. 2014 წლის დეკლარაციაში აუცილებლად აისახება ბატონი ოთარის საცხოვრებელი ბინა", - აღნიშნავენ საგამოძიებო სამსახურში.

ოთარ ფარცხალაძის მიერ ბინის შეძენის შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს გავრცელდა. გურია News-ის ინფორმაციით, "ჯანაშიას N28-ში კვადრატული მეტრი დაახლოებით 1300 დოლარი ღირს. ფარცხალაძის ბინა კი 150 კვადრატულია, რომლის საბაზრო ღირებულებაც დაახლოებით  200 000 დოლარია".

კომენტარები