ნადეჟდა ტოლოკონიკოვა

ნადეჟდა ტოლოკონიკოვა კრასნოიარსკის საავადმყოფოშია

telegraph.co.uk

პატიმრობაში მყოფი რუსული პანკჯგუფის Pussy Riot-ის წევრი ნადეჟდა ტოლოკონიკოვა ციმბირში, ქალაქ კრასნოიარსკში სასჯელაღსრულების სამსახურის ტუბერკულოზის რეგიონულ #1 საავადმყოფოში იმყოფება. მისი ქმრის, პიოტრ ვერზილოვის თქმით, ის ტოლოკონიკოვას ტელეფონით ესაუბრა. კოლონიაში ასევე იმყოფებოდა ადვოკატიც.

როგორც ვერზილოვმა თქვა, საავადმყოფოში ტოლოკონიკოვას მორდოვიის კოლონიაში გამოცხადებული შიმშილობის შედეგად ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით გამოკვლევები უტარდება.

მანამდე რუსეთის სახალხო დამცველი ამბობდა, რომ ტოლოკონიკოვა კრასნოიარსკის რეგიონში იმყოფებოდა. თუმცა, მაშინ ეს ინფორმაცია კოლონიაში არ დაადასტურეს.

ფედერალური ციხის სამსახური აცხადებს, რომ ტოლოკონიკოვას საბოლოო დანიშნულების ადგილი სწორედ კრასნოიარსკის კოლონიაა.

შეგახსენებთ, რომ ნადეჟდა ტოლოკონიკოვას ადგილსამყოფელი 26 დღის განმავლობაში უცნობი იყო - მას შემდეგ რაც მისი ციმბირში ეტაპირება დაიწყო. მანამდე ტოლოკონიკოვა კოლონიის ხელძღვანელობას მუქარების გამო უჩიოდა.

Pussy Riot-ის სამ წევრს სასამართლომ ხულიგნობის ბრალდებით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მაცხოვრის ტაძარში შესრულებული სიმღერისთვის - ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი!

კომენტარები