კეზერაშვილის საქმე

ბესელია:ადეიშვილსა და კეზერაშვილს ხელს სააკაშვილი და მისი ლობისტები აფარებდნენ

დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ინტერპოლის ძებნილთა სიაში ჩასმას ხელს  მიხეილ სააკაშვილი მისი პირადი ლობისტებითა და კონტაქტებით უშლიდა - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

"საქართველოს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა შედეგიანად იმუშავეს და გადაწყვეტილება მიღებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ნებისმიერ ადგილას დაკავების შემთხვევაში, ისინი უნდა წარსდგნენ საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე" - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

რაც შეეხება ექსტრადირების საკითხს, ეკა ბესელიას ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი უკვე პატიმრობაშია და მასთან დაკავშირებით პროცედურები უკვე მიმდინარეობს. ზურაბ ადეიშვილის შემთხვევაში კი, ინტერპოლის ძებნილთა სიაში შეყვანის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ალბათ, შესაბამისი სახელმწიფო განახორციელებს იმ ვალდებულებას, რომელიც მას საერთაშორისო კონვენციით აკისრია და მოხდება მისი დაკავება. 

ამასთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განმარტებით, ექსტრადიციას თავისი პროცედურები აქვს. მისივე ინფორმაციით, ყველა საჭირო დოკუმენტაცია მომზადებული და გადაგზავნილია შესაბამის ორგანოებში. 

"ძალიან ინტენსიურად მუშაობს იუსტიციის სამინისტრო იმისთვის, რომ არც ერთი მათგანი რომელიც იძებნება და მათ აქვთ წაყენებული მძიმე ბრალდება ქვეყნის შიგნით, არ დარჩეს პასუხისმგებლობის, სასამართლოს, მართლმსაჯულების გარეშე და მოხდეს მათი ექსტრადირება საქართველოში, რათა საქართველოს სასამართლომ განიხილოს მათი საქმე" - განაცხადა მანანა კობახიძემ.

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანა. შესაბამისი მონაცემები ინტერპოლის ვებგვერდზე განთავსდა. 
დავით კეზერაშვილი საფრანგეთშია დაკავებული, ხოლო ზურაბ ადეიშვილი, არაოფიციალური ინფორმაციით,  უნგრეთში იმყოფება.

კომენტარები