მოსამართლეთა არჩევნები

კუბლაშვილი: მინიმუმ, ოცი ახალი მოსამართლე გვჭირდებოდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე 12 მოსამართლე აირჩიეს. ხმის მიცემის შედეგები სხდომის წევრებს თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა გააცნო. საბჭოს წევრებმა მოსამართლეობის 59 კანდიდატს ფარული მეთოდით უყარეს კენჭი. იმისთვის, რომ კანდიდატი მოსამართლედ არჩეულიყო, თითოეულ მათგანს საბჭოს 13 წევრიდან მინიმუმ 10 წევრის მხარდაჭერა უნდა მიეღო. 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი შედეგით უკმაყოფილოა და ეჭვობს, რომ აღნიშნულის გამო საქმეების განხილვა გაჭიანურდება. როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეთა რაოდენობიდან გამომდინარე, დღეისთვის მათ სულ მცირე 20 ახალი მოსამართლე ესაჭიროებათ. 

"როგორც ცნობილია, დღეს ფარული კენჭისყრა გაიმართა. მოსამართლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ჩვენ 59 კანდიდატი გვყავდა, თუმცა აქედან მოსამართლედ მხოლოდ 12 აირჩა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დღეისთვის, საქმეთა რაოდენობიდან გამომდინარე, გვჭირდება სულ მცირე 20 ახალი მოსამართლე. სამწუხაროდ, დაინიშნა მხოლოდ 12 ახალი მოსამართლე და ეს არის ძალიან ცუდი შედეგი, არა უბრალოდ ცუდი, არამედ ძალიან ცუდი შედეგი", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, საქმეების განხილვა გაჭიანურდეს.

"შედეგი არ აკმაყოფილებს არავის. სასამართლო სისტემისთვის ეს არ არის მისაღები. თუმცა  იქიდან გამომდინარე, რომ მოსამართლეების არჩევა მოხდა კანონის მიხედვით, ჩვენ გვეყოლება მხოლოდ 12 ახალი მოსამართლე და შევეცდებით, ისინი გადავანაწილოთ იქ, სადაც მეტი საჭიროებაა. ეს მძიმე შედეგს გამოიღებს იმ კუთხით, რომ შეიძლება საქმეები გაიწელოს და კანონით დათქმულ ვადებში ვეღარ იქნას განხილული, ვინაიდან მოსამართლეები არიან ძალიან ცოტა", - თქვა კუბლაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა იყო საჭირო, რომ "სასამართლო სისტემა აღნიშნული მძიმე შედეგის პირისპირ არ აღმოჩენილიყო". კოტე კუბლაშვილი ეჭვობს, რომ მოსამართლეობის წარდგენილი 59 კანდიდატიდან უმეტესობას მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა არ დაუჭირეს.

"პირადად მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ 40-მდე კანდიდატს მივეცი ხმა. ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით იგივე გააკეთეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმაც", - დასძინა კუბლაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო მოსამართლეთა პირველი არჩევნები კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ. ამავე რედაქციის მიხედვით, მოსამართლეები უკვე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით ინიშნებიან.

კომენტარები