ეკონომიკა

ხელისუფლების ვარაუდი 4 წლის შემდეგ - მშპ ერთ სულ მოსახლეზე

დღეს ტაბულამ ხელისუფლების სამ წარმომადგენელს კითხა: ”იმისთვის რომ წარმატებულ ხელისუფლებად ითვლებოდეთ, რა ნიშნულს უნდა მიაღწიოს მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე, თქვენი მმართველობის მე-4 წელს”, რაზეც მან პასუხი ვერ მიიღო.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე:

მთლიანი შიდა პროდუქტი არის მაჩვენებელი ქვეყნის, რომლის უკანაც უამრავი მაჩვენებელი არის გასასწორებელი და უამრავი, ვთქვათ, საკითხია მოსაგვარებელი. თავისთავად ცხადია, მე დარწმუნებული ვარ ქვეყანაში შეიქმნება ის საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში შეიქმნება ის ეკონომიკური ბაზა, რომელიც მთლიან შიდა პროდუქტს გაზრდის. თავისთავად ცხადია ამაზეა დამოკიდებული ქვეყნის ავკარგიანობა, ამაზეა დამოკიდებული დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა, ამაზეა დამოკიდებული, ვთქვათ, ქვეყანაში საინვესტიციო ფონის გაძლიერება, რამდენი იქნება ამაზე ძალიან ძნელია თქმა, მე ერთი შემიძლია გითხრათ, რომ პირველი წელი ალბათ ურთულესი პერიოდი იყო, იმიტომ რომ არ იყო ეს კოჰაბიტაცია, არამედ იყო ქვეყანაში ერთი ავანტიურისტის ყოფნა პრეზიდენტად, რომელიც ქვეყნის საქმიანობას უკან სწევდა. კოჰაბიტაცია ისაა, რომ ხელს გიწყობს, მაგრამ სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინა იმერლიშვილი:

ესე ნამდვილად ვერ ვიტყვი წინასწარ, ჩვენ დაგვხვდა საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა და ორი წლის თავზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ... ძალიან სერიოზული მიღწევა, რაც აქვს ხალხს, არის ის რომ ხალხს აღარ ეშინია სიტყვის თქმა, არის თავისუფალი გარემო, არის თავისუფალი არჩევნები და მე იმედი მაქვს რომ ეკონომიკაც ნელ-ნელა წამოიწევს წინ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად ძიძიგური:

თუ 6%-იანი ზრდებით წავიდოდით, მაშინ ასეთ შემთხვევაში ალბათ 4 წლის თავზე მიაღწევდა სადღაც 35-დან 37 მილიარდ ლარამდე. 6%-იანი ზრდა დაწეულია, მაგრამ ბიზნესისთვის არის ისეთი პირობები შექმნილი, რომ ბიზნესს განვითარების მეტი სხვა გზა დარჩენილი არ აქვს. საკანონმდებლო მიმართულებით, პოლიტიკური მიმართულებით, ფსიქოლოგიური მიმართულებით, კრიმინოგენური მიმართულებით ბიზნესისთვის არის კარგი პირობები შექმნილი.

კომენტარები