ხურჩის ინციდენტი

საჯაია: შსს ცდილობს, რომ დანელიას გარდაცვალება ხურჩის ინციდენტს არ დაუკავშიროს

ხურჩის საქმეზე ბრალდებულის რომან შამათავას ადვოკატის რომეო საჯაიას განცხადებით, ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილის ალექსანდრე დანელიას გარდაცვალება ხურჩის ინციდენტის გამოძიებას უკავშირდება. 

"გამოძიებამ პირველივე წამსვე განაცხადა, რომ ეს იყო მისი იარაღი, როდესაც ექსპერტიზა არ იყო ჯერ ჩატარებული და არ იყო დადგენილი თუ ვისი იარაღით მოხდა მკვლელობა. ეს ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც მიმართულება მიეცა ამ გამოძიებას. მე მაქვს ალექსანდრე დანელიას დაკითხვის ოქმი - შსს-ს თანამშრომლებმა, ის 20 ოქტომბერს ხურჩის ინციდენტზე დაკითხეს. შსს ცდილობს ამ ფაქტის რაღაცნაირად მიჩქმალვას და არ უნდა, რომ დაუკავშიროს ხურჩის ინციდენტს" - აცხადებს საჯაია.

 ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე დანელია გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწნებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ს წინასწარი ინფორმაციით, დანელიამ თავი ტაბელური იარაღით მოიკლა, თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 რაც შეეხება ხურჩის ინციდენტს, 2008 წლის 21 მაისს ხურჩაში აფეთქება მოხდა, რომელსაც ტერორისტული აქტის შეფასება მიეცა. ახალმა ხელისუფლებამ ამ საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხურჩის ინციდენტს "შეკვეთილი ტერორისტული აქტი" უწოდა. 

22 ოქტომბერს, შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია დააკავეს.

"2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რომან შამათავამ, შსს-ს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა და განახორციელა ტერორისტული აქტი, რამაც შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის განხორციელების საშიშროება, ასევე ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება. 2008 წლის 21 მაისს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით სოფელ ხურჩაში მობილიზებულ იქნა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით ზუგდიდში გამგზავრებას აპირებდა. დასახელებულ დროს, სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განსახორციელებლად ჩასაფრებულმა რომან შამათავამ, მალხაზ მურღულიამ და მათმა თანამზრახველებმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ურთიერთშორის ნაწარმოები მრავალჯერადი გასროლით მშვიდობიან მოსახლეობაში გამოიწვიეს პანიკა, აგრეთვე, მალხაზ მურღულიამ "ერ პე გე"-ს ტიპის ყუმბართმტყორცნიდან განხორციელებული ორი გასროლით ააფეთქა ხალხის გადასაყვანად მობილიზებული ავტობუსები. აფეთქების შედეგად, სრულად განადგურდა ორივე სატრანსპორტო საშუალება, ხოლო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მოქალაქე ნანი ქარდავამ. ტერორისტული აქტის განხორციელების შემდეგ, ორგანიზატორებმა სატრანსპორტო საშუალების მძღოლებსა და დაჭრილ მოქალაქეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარული ასიგნებებიდან აუნაზღაურეს მიყენებული ზიანი", - განაცხადა შსს-მ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

კომენტარები