ვილნიუსის სამიტი

უმცირესობამ პარლამენტის მიღებულ განცხადებას რუსეთის შესახებ პუნქტი დაამატა

საპარლამენტო უმცირესობა აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. ტექსტი იდენტურია იმ ექვსპუნქტიანი განცხადებისა, რომელიც ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით პარლამენტმა გუშინ მიიღო. თუმცა, საპარლამენტო უმცირესობამ კიდევ ერთი (მეხუთე) პუნქტი ჩაამატა, რომელიც რუსეთს ეხება. ასევე, პირველ პუნქტში "საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას" ჩანაცვლებულია შემდეგი ტექსტით - "საქართველოს ხელისუფლებას".

განცხადების მიხედვით, რომელიც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა, საპარლამენტო უმცირესობა:

1) საქართველოს ხელისუფლებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს ვილნიუსის სამიტზე ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებასთან დაკავშირებით;

2) გამოხატავს მზადყოფნას, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა 2014 წელს ხელი მოეწეროს ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას;

3) აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატებში, აგრეთვე ევრონესტის (აღმოსავლეთის პარტნიორობის) საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში;

4) გამოხატავს რწმენას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და დემოკრატიული სამყარო გააძლიერებენ ძალისხმევას „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების მხარდასაჭერად და მათი სუვერენიტეტის დასაცავად; ამასთანავე, გამოთქვამს იმედს, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესში „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებს ექნებათ არჩევნის თავისუფლება, რომელსაც ვერავინ ხელყოფს;

4) სწამს და სჯერა, რომ რუსეთის მცდელობა - ჰქონდეს ექსკლუზიური გავლენის სფეროები, არის მიუღებელი და შესაბამისად, რუსეთს არ აქვს უფლება შეაჩეროს მეზობელი ქვეყნების სწრაფვა ევროპისკენ;

5) მოუწოდებს ევროპის კავშირს, გააძლიეროს დახმარების ინსტრუმენტები „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის, რათა ისინი მეტად დემოკრატიულები გახდნენ და ხალხთა შორის კავშირები უფრო ინტენსიური გახადონ; იმედოვნებს, რომ ევროპის კავშირი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ამბიციურ პროექტს მეტად ქმედითს, მოქნილსა და შედეგებზე ორიენტირებულს გახდის.

გარდა ამისა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კონკრეტულად უკრაინის შესახებაც გაავრცელა განცხადება. ტექსტის მიხედვით, საპარლამენტო უმცირესობა უცხადებს სრულ მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს და უკრაინის სუვერენიტეტს, რაც გულისხმობს საგარეო პოლიტიკის უკრაინის ინტერესების შესაბამისად წარმოებას; გამოხატავს რწმენას, რომ უკრაინის თავისუფალი ერების ევროპული ოჯახისკენ სვლის შეჩერება შეუძლებელია. ყოველგვარი ძალისხმევა რომელიც მიმართულია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის შესაფერხებლად თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული; გამოხატავს შეშფოთებას, უკრაინის მიერ ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ხელისუფლებაზე ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისა და შანტაჟის გამო; გამოხატავს იმედს, რომ მოხერხდება არსებული წინააღმდეგობების გადალახვა, უკრაინის მთავრობა არ დაექვამდებარება რუსეთის ფედერაციის შანტაჟს და არ გადაუხვევს ევროპული ინტეგრაციის გზას.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. ამასთან დაკავშირებით, უკრაინაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტს მიმართა ინიციატივით, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, განცხადება მიეღო. კონსულტაციების შედეგად, უმრავლესობამ და უმცირესობამ განცხადების საკუთარი ვარიანტები შეიმუშავეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკუთარ განცხადებაში ყურადღებას ამახვილებდა რუსეთის ზეწოლაზე, თუმცა, მმართველი გუნდის წევრებმა მის მიღებაზე უარი თქვეს. საბოლოოდ, პარლამენტმა განცხადება ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით მიიღო.

კომენტარები