რეინტეგრაციის სამინისტრო

ზაქარეიშვილის უწყება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო იქნება

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

რეინტეგრაციის მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მისი უწყება პირველი იანვრიდან სახელს შეიცვლის."მოგეხსენებათ, რომ წელიწად-ნახევარზე მეტია, ჩემი სამინისტროს სახელის შეცვლის საკითხი მაქვს ინიცირებული, თუმცა მას პრეზიდენტი არ აწერდა ხელს. ახალი კონსტიტუციით, ეს აღარ არის პრეზიდენტის პრეროგატივა და ეხება პრემიერმინისტრს, აქედან გამომდინარე, დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ 1 იანვრიდან ჩემს სამინისტროს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ნაცვლად ერქმევა - "სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში", - თქვა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის თქმით, შერიგება შეეხება კონფლიქტების მიმართულებას. ხოლო სამოქალაქო თანასწორობა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შიდა ინტეგრაცია სჭირდებათ.

"ჩვენ მუშაობის ორი მიმართულება გვაქვს, ეს არის კონფლიქტებთან ინტეგრაცია. შესაბამისად, შერიგება შეეხება კონფლიქტების მოგვარებას. სამოქალაქო თანასწორობა კი შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პრობლემა აქვს საქართველოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა. მისივე განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით ოკუპირებულ რეგიონებს მოესპობათ არგუმენტი სამინისტროს სახელის წინააღმდეგ.

"ესაა ყველაზე ნეიტრალური სახელი, ამით ჩვენ მათ მოვუსპობთ არგუმენტებს, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში აფხაზები და ოსები ამბობდნენ, რომ მათთვის სახელი რეინტეგრაცია მიუღებელი იყო, თუმცა არ ასახელებდნენ, რა სახელი უნდოდათ.  ის, რაც ჩვენ შევარჩიეთ, არის ნეიტრალური სახელი და მათ გაუჭირდებათ ამის წინააღმდეგ რამის თქმა. ფაქტია, რომ ამ სამინისტროსთვის სახელის შეცვლით მათ მოესპობათ არგუმენტები სახელთან დაკავშირებით. თითქოს არაფერი იცვლება, მაგრამ მათ არ ექნებათ არგუმენტი და იმედია, უფრო პროგრესულები იქნებიან“.

კომენტარები