საკონსულტაციო საბჭოს წევრები შეიკრიბებიან ხოლმე გუბერნატორთან და ამან როგორ უნდა გააღვივოს სეპარატიზმი, არ მესმის. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, 15 წელზე მეტია ქვეყანაში არსებობს ქვემო ქართლის გუბერნატორი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის. "სულ არსებობდა და ახლაც არსებობს. სამცხე-ჯავახეთშიც ყველაფერი რჩება როგორც იყო - ერთადერთი, ახალციხე როგორც ქალაქი გამოიყოფა თვითმმართველ ქალაქად. საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლები გადაწყვეტენ სოფლებს და რაიონებს შორის არსებულ საკითხებს - მაგალითად, სარწყავი არხის ან გზის გაყვანა და ა.შ." - აღნიშნა უსუფაშვილმა. მისი თქმით, ამ კოდექსის მიხედვით, "2017 წლამდე უნდა მოგვარდეს მიწის თემა. მთავრობამ უნდა გააკეთოს ის, რაც არ გაკეთებულა დღემდე 25 წელია: აღრიცხოს მიწა, დაარეგისტრიროს და მერე მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება, რა მიწას აძლევს მუნიციპალიტეტს, საკრებულოს. საზღვრები აუცილებლად დასადგენია". მისივე თქმით, თუ აიკრძალება სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა-გაყიდვა, ვერც მუნიციპალიტეტი გაყიდის, ვერც სახელმწიფო და ვერც კერძო პირი. "სადაც ნებადართულია, იქ, ადგილობრივი უკეთ გადაწყვეტს რა მიწა გაყიდოს და ვის მიყიდოს", - თქვა უსუფაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კოდექსის ვარიანტი ვენეციის კომისიაში უკვე გაგზავნილია.