მარიამ კოჩალიძის საქმე

მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიამ კოჩალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მოჰამმადამინ როოინტანი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმის განხილვა მოჰამმადამინ როოინტანის მიმართ 2013 წლის 16 დეკემბერს დაასრულა. როოინტანს ბრალად ედებოდა მარიამ კოჩალიძის განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, ანგარებით.

"სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ხოლო საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მოჰამმადამინ როოინტანის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარემ წარმოადგინა გამამტყუნებელი განაჩენისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მოჰამმადამინ როოინტანის ბრალეულობაში, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოჰამმადამინ როოინტანი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი", - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.

მოკლული მარიამ კოჩალიძის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ მკვლელობის მოტივი გამოუძიებელია. 

16 წლის მარიამ კოჩალიძე 22 ივნისს, ბათუმის ახალი ბულვარის ბოლოს გარდაცვლილი იპოვეს. მას ჭრილობა ყელზე ჰქონდა მიყენებული.

კომენტარები