ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი

კულტურის მინისტრმა გიორგი უშიკიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი ბრძანება (N01/427) 18 დეკემბრით არის დათარიღებული.

თავად გიორგი უშიკიშვილის თქმით, სამინისტროს აუდიტმა უთხრა, რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლება პრემიერმინისტრის დავალება იყო.

„მიუხედავად ბევრი მნიშველოვანი პროექტისა, ბატონმა მინისტრმა მხოლოდ იმ მიზეზით გამათავისუფლა, რომ წერილზე ხელის მოწერას თავი ავარიდე. ხელი მხოლოდ იმიტომ ვერ მოვაწერე, რომ შვებულებაში ვარ. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ გუშინ სამსახურში მეახლა კულტურის სამინისტროს აუდიტი, რომელმაც პირდაპირ განმიცხადა, რომ პრემიერმინისტრის დავალებაა, სასწრაფოდ გაგიშვათ სამსახურიდან და იქნებ შენით დაწერო განცხადებაო. უარი რომ ვუთხარი, მირჩია, იქნებ იფიქრო, რად გინდა რომ ფინანსურ პოლიციაში დაგიბარონო. წარმოვიდგინე, რომ ვარ რაღაცა საწყობის გამგე და ფული მაქვს გაფლანგული. რამდენად დასაჯერებელია, რომ პრემიერმინისტრის დავალებით გამათავისუფლეს, ეგ არ ვიცი“, –  დაწერა უშიკიშვილმა Facebook-ის გვერდზე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებაში წერია, რომ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 2008 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში გაწეული საქმიანობისას, ფინანსურმა აუდიტმა გამოავლინა დარღვევა-ნაკლოვანებები. 2013 წლის 5 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე, ამაზე პასუხისმგებლობა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის“ შესახებ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, პერსონალურად ეკისრება მის ხელმძღვანელს. ოდიშარიას 18 დეკემბრის ბრძანების თანახმად, გიორგი უშიკიშვილი ვალდებული იყო, მინისტრის 2013 წლის 29 ნოემბრის N01/12–5405 დავალების საფუძველზე წარედგინა საკუთარი განმარტებები ზემოაღნიშნული აუდიტის ანგარიშის პროექტზე.

"დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობისა და აუდიტის ანგარიშის პროექტზე თავისი ხელმოწერით დასკვნის წარმოდგენისაგან შეგნებულად თავის არიდების გამო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2005 წლის 7 ივლისის N3/320 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37–ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ, 2013 წლის 18 დეკემბრიდან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან“, – ნათქვამია ბრძანებაში.

კომენტარები