ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილის ადვოკატი: კადრების გადმოცემის შესახებ პასუხს დაველოდებით

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ადვოკატები ჯერჯერობით არ აპირებენ სასამართლოს მიმართონ მტკიცებულებების დაცვის უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნით. როგორც ადვოკატმა დავით ხაჟალიამ ტაბულას უთხრა, დაცვის მხარე კიდევ შვიდი დღის მანძილზე ელოდება სასჯელაღსრულების სამინისტროს IT დეპარტამენტისგან მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერების გადაცემას.

"ივანე მერაბიშვილმა გააკეთა საჯარო განცხადება დანაშაულის შესახებ. კანონი პირდაპირ ითვალისწინებს, რომ როცა ნებისმიერი მოქალაქე საჯაროდ განაცხადებს დანაშაულის შესახებ, გამოძიება უნდა დაიწყოს. ეს არის საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა. სამინისტროს სისტემაში არსებული კადრები ბუნებრივია, რომ არის სამინისტროს განკარგულებაში, შესაბამისად, მისი ნახვა და საჯარო გამოქვეყნება არ უნდა იყოს პრობლემა, მით უმეტეს, თუ სამინისტრო ადასტურებს, ამბობს და ამტკიცებს, რომ მერაბიშვილის განცხადებულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ჩვენ კადრების გამოთხოვის განცხადებით მივმართეთ IT დეპარტამენტს, რომლისგანაც პასუხი არ მიგვიღია. არის მესამე დღე, დაველოდებით პასუხს და ამის მიხედვით მივიღებთ შემდეგ ზომებს", - აცხადებს ხაჟალია და აღნიშნავს, რომ გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე არა მხოლოდ მერაბიშვილის დაცვის მხარე, "არამედ, კიდევ ბევრი ვინმე აცხადებს ქვეყანაში".

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების მინისტრის თქმით, მან არ იცის, წაიშლება თუ არა ვანო მერაბიშვილის საპყრობილიდან გაყვანის ამსახველი ჩანაწერები. სოზარ სუბარის განცხადებით, კადრები ავტომატურ რეჟიმში 10 დღეში იშლება და ეს საკითხი არა მას, არამედ სამინისტროში არსებულ IT დეპარტამენტს ეხება. მისივე თქმით, ჩანაწერები სავარაუდოდ წაშლილი არ იქნება.

"მე არ ვიცი, არ ვაკონტროლებ ამ თემას. ეს დაყენებულია ავტომატურ რეჟიმზე, მას ჰყავს თავისი სამსახური, რომელიც ამას აკეთებს. არის თემები, რომელიც არ არის სამინისტროს პრეროგატივა, დელეგირებულია ქვემოთ და მე არ ვცდილობ ამ თემებში ჩარევას", - განაცხადა სუბარმა და განმარტა, რომ ვიდეოკამერებთან დაკავშირებულ საკითხებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებული IT სამსახური არეგულირებს.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან 10-17 დეკემბრის ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა გამოითხოვა. თუ სასჯელაღსრულების სამინისტროს IT სამსახური დადგენილი წესით იხელმძღვანელებს, მერაბიშვილის განცხადებაზე მოთხოვნილი ჩანაწერების წაშლა ავტომატურად ორ დღეში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, პარასკევს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. მან ინფორმაციის გადამოწმების გზად ვიდეოჩანაწერების ამოღება დაასახელა.

სასჯელაღსრულების სამინისტრო კი გამოძიების დაწყებამდე ვიდეომასალების გადაცემაზე უარს ამბობს. სუბარის თქმით, ამ შემთხვევაში, კანონს თავად დაარღვევს.

კომენტარები