ციხეების მონიტორინგი

არასამთავრობოები ციხეების ალტერნატიული მონიტორინგის სისტემის შექმნას ითხოვენ

ipn.ge

საქართველოში მოქმედი არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ციხეებში წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის აუცილებელია შეიქმნას ხელისუფლებისგaნ დამოუკიდებელი, ციხეების მონიტორინგის სისტემა, რომლის საშუალებითაც არასამთავრობოები ციხეებში არსებულ სიტუაციაზე დაკვირვებასა და ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებენ.

არასამთავრობოების თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული ღონისძიების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პატიმრების მდგომარეობა და მათი უფლებების დაცვა, თუმცა, იმ მძიმე მემკვიდრეობის გათვალისწინებით, რაც ახალ ხელისუფლებას ერგო, განსაკუთრებით ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თვალსაზრისით, რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევებიც, მათ შორის, საზოგადოებაში წლების განმავლობაში გამყარებული ნეგატიური სტერეოტიპები და სასჯელაღსრულების სისტემისადმი არსებული უნდობლობა. ამ გამოწვევებთან გამკლავება, არასამთავრობოების მოსაზრებით, მხოლოდ ნდობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით და სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის კულტურის დამკვიდრებით შეიძლება მოხდეს.

"ამ მიზნის მისაღწევად, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცვლილებად მიგვაჩნია არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ციხეებში მონიტორინგის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება. ციხეებში ბოლო თვეების განმავლობაში მომხდარმა პატიმრის ცემის და მისი ფიზიკური შეურაცხყოფის, პატიმართა გარდაცვალების და სუიციდის შემთხვევების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციებმა, ასევე გავრცელებულმა ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემებმა ციხეებში პატიმართა შიმშილობის ფაქტის, მოშიმშილე პატიმართა რაოდენობისა და მათ მიმართ გამოყენებული მოპყრობის ფორმის შესახებ, დამოუკიდებელი მონიტორინგის საჭიროება კიდევ უფრო ნათელი გახადა.

მისასალმებელია, რომ წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილია სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გახსნილობა საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით და მზაობა, მოხდეს კონკრეტული ფაქტების შესწავლა და მათზე სათანადო რეაგირება, რაც წინა წლებში სერიოზულ პრობლემას წარმოადენდა. თუმცა, დემოკრატიული სახელმწიფოსათვის არსებითია, რომ საზოგადოებას ასევე ჰქონდეს შესაძლებლობა, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი წყაროდან მიიღოს სრული, ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია ხელისუფლების, მათ შორის, სასჯელაღსრულების სისტემის ფუნქციონირებაზე, მის როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებზე. მიჩნეულია, რომ ამ უფლების რეალიზაციის ეფექტურ საშუალებას პოლიტიკურად ნეიტრალური და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მონიტორინგის განხორციელება წარმოადგენს", - აცხადებენ არასამთავრობოები, რომელთა შორისაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ციხის საერთაშორისო რეფორმა და სხვები.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მართალია, საქართველოში 2009 წლიდან არსებობს პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის მიზნით, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ამ მექანიზმის არსებობა წინა წლებში არასაკმარისი აღმოჩნდა წამების პრევენციისათვის, უფრო მეტიც - როგორც არაერთი ვიდეოკადრითა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადასტურდა - წამება სისტემურ პრობლემად იყო ქცეული პრევენციის ეროვნული მექანიზმის არსებობის მიუხედავად. წამება და არაადამიანური მოპყრობა სპეციფიკური დანაშაულია, რომლის დასამარცხებლად აუცილებელია მუდმივი და მიზანმიმართული ძალისხმევა. სასჯელაღსრულების სისტემაში გაუმჯობესებული მდგომარეობა, სამწუხაროდ, ვერ მოგვცემს მშვიდად ყოფნის საშუალებას და იმის გარანტიას, რომ ეს უმძიმესი დანაშაული, და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - მისი ხელშემწყობი გარემოებები, აღმოფხვრილია.

არასამთავრობოები მზად არიან შეიმუშავონ ქცევის კოდექსი, რომელიც დამოუკიდებელ მონიტორებს განუსაზღვრავს ციხეებში მონიტორინგის წესებს, რათა ხელი არ შეეშალოს სისტემის ეფექტიან მუშაობას.

19 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ციხის საერთაშორისო რეფორმა (PRI), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT), წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია", ახალგაზრდები სამართლიანობისათვის და საზოგადოებრივი დამცველი.

 

კომენტარები