გიგი უგულავას საქმე

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას უფლებამოსილება შეუჩერდა

თბილისის მერს გიგი უგულავას სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა მიიღო.

უგულავას ადვოკატის გიზო უგლავას თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი განხილვის გარეშე მიიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

დღევანდელ პროცესზე მთავარი პროკურატურა თბილისის მერის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდა, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის მერს გიგი უგულავას სასამართლომ 50000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოიტანა. წინასასამართლო სხდომა კი 5 თებერვალს ჩაინიშნა.

პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები