გიგი უგულავას საქმე

უგულავა: სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მთავრობის ზეწოლამ გაჭრა

გიგი უგულავამ უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა, მისი თქმით, ”მოსამართლე დალი მეტრეველსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანზე მთავრობის ზეწოლამ გაჭრა”.

”დღეს ღამის პირველ საათზე, სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ვვარაუდობდით. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, როდესაც მოპასუხე მხარემ უკვე დატოვა სასამართლო, მარტო დარჩენილ მოსამართლე დალი მეტრეველსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანზე მთავრობის ზეწოლამ გაჭრა!
კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რა იყო მთავრობის მიზანი: თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის პარალიზება მერის არჩევნებამდე დარჩენილი დროის განმავლობაში.

მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩემს წინააღმდეგ განხორციელებული დევნა წმინდა წყლის პოლიტიკური ხასიათისაა. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში სასამართლოს მძიმე ხვედრი ერგო. იგი ჩართეს პოლიტიკურ პროცესში და თბილისელების 55%-ის მიერ არჩეული მერი უაპელაციოდ - პასუხის გაცემის შანსის გარეშე გადააყენეს.

მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს კოლეგებს, მერიის თითოეულ თანამშრომელს: მეგობრებო, ბრძოლა არ წყდება! არჩეული მერის თანამდებობიდან გადაყენების მექანიზმი, გარდა არჩევნებისა, კონსტიტუციის თანახმად არ არსებობს და მე ვიბრძოლებ ბოლომდე, რათა არჩევნებზე ხალხის მიერ გამოხატული ნება, ფეხქვეშ არ ითელებოდეს დახურულ კაბინეტებში.” - წერია უგულავას განცხადებაში.

კომენტარები