გიგი უგულავას საქმე

უგრეხელიძე: ხელისუფლება ჩემში პრობლემას ვერ ხედავს

primetimenews.ge

თბილისის ვიცემერის სევდია უგრეხელიძის განცხადებით, "მერია ყველაფერს იღონებს, რომ თბილისელებმა ვერ იგრძნონ იმ ენერგიული მერის არყოფნა, რომელიც ამდენ ხანს მართავდა დედაქალაქს". როგორც უგრეხელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გიგი უგულავას უფლებამოსილება უკანონოდ შეუჩერდა.

"უგულავასთვის ამ გზით უფლებამოსილების შეჩერება არის ანტიკონსტიტუციური და უკანონო. ამ წუთას დედაქალაქს მერი ჰყავს, ჯერ აპელაციის უფლებით არ უსარგებლია. მას შემდეგ, რაც აღკვეთის ღონისძიებაზე საბოლოო გადაწყვეტილება გახდება ცნობილი, მერის მოვალეობას ვიცემერი შეასრულებს, ეს მოხდება ბრძანების შემდეგ", - აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ.

მისივე თქმით, სასამართლომ გიგი უგულავასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიიღო.

"მე ვფიქრობდი, რომ ახალი პრემიერმინისტრი თავის მოღვაწეობას შეუდგებოდა არა როგორც მოძალადე და შურისმაძიებელი ადამიანი, არამედ როგორც დადებითი ადამიანი - ორიენტირებული საქმის კეთებაზე. ჩემი მოლოდინი გაწბილდა, როდესაც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მისურვა, რომ მალე შევასრულო მერის მოვალეობა", - განაცხადა უგრეხელიძემ.

ვიცემერის თქმით, ახალი ხელისუფლება მასში საფრთხეს ვერ ხედავს და სწორედ ამიტომ უნდოდათ გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერება.

"ეს არის შურისძიება. საბჭოეთის და საბჭოთა აზროვნების სუნი მცემს, რაც ძალიან საშიშია. მე არასდროს ვიყავი პარტიული. ის კი არა, ნაციონალური მოძრაობის ოფისის მისამართიც არ ვიცოდი, სწორედ ამიტომ ვერ ხედავს ხელისუფლება ჩემში პრობლემას. ყველა პროექტს გავაგრძელებთ, რაც გიგიმ დაიწყო. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ თბილისელებმა ვერ იგრძნონ იმ ენერგიული მერის არყოფნა, რომელიც ამდენ ხანს მართავდა დედაქალაქს. ჩვენს გეგმებში არ შედის ის, რომ გაუჭირდეს თბილისის მოსახლეობას და უკმაყოფილო ადამიანის რიცხვი გაიზარდოს. თბილისის მერია გამართულად იმუშავებს", - განაცხადა უგრეხელიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერს გიგი უგულავას თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 დეკემბრის ღამეს უფლებამოსილება შეუჩერა. გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა ღამის პირველ საათზე მიიღო. უგულავას ადვოკატის გიზო უგლავას თქმით, სასამართლომ თბილისის მერს უფლებამოსილება ზეპირი განხილვის გარეშე შეუჩერა. თბილისის მერი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები