Pussy Riot-ის საქმე

სასჯელაღსრულების დაწესებულება ნადეჟდა ტოლოკონიკოვამაც დატოვა

პანკჯგუფ Pussy Riot-ის ორივე წევრი თავისუფალია. მარია ალიოხინამ და ნადეჟდა ტოლოკონიკოვამ სასჯელაღსრულების დაწესებულებები დღეს დატოვეს. ნადეჟდა ტოლოკონიკოვამ ციმბირის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სოჭის ოლიმპიადის წინ ”მორიგი შოუ” დადგა, იმისთვის, რომ ყველა ევროპულმა სახელმწიფომ ოლიმპიადას ბოიკოტი არ გამოუცხადოს.

”ევროპულმა ქვეყნებმა, შესაძლოა, გადახედონ თავიანთ აზრს სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ბოიკოტისკენ მოვუწოდებ, მოვუწოდებ გულწრფელობისკენ, მოვუწოდებ არ გაყიდონ საკუთარი თავი ნავთობსა და გაზზე. მოვუწოდებ, გამოიყენონ ყველა ჰუმანური ნორმა, ტრადიცია და წესები , რომლებზეც ევროპა ლაპარაკობს. ეს მართლაც სამართლიანი იქნება”, - თქვა ტოლოკონიკოვამ.

ტოლოკონიკოვას თქმით, ის რუსეთის დატოვებას არ აპირებს და ციხეებში ადამიანის უფლებათა დასაცავად იბრძოლებს.

”არ ვფიქრობ, რომ ეს დრო დავკარგე. უნიკალური გამოცდილება მივიღე. ახლა ადამიანის უფლებათა დამცველის რეალური საქმიანობა უფრო ადვილად გამომივა, ვიდრე ადრე. გავიზარდე, ჩემი ქვეყანა შიგნიდან შევისწავლე, დავინახე პატარა ტოტალიტარული მექანიზმი როგორ მუშაობს შიგნიდან. რუსეთი საპატიმროსავითაა აგებული, ამგვარად, მნიშვნელოვანია ცვლილებები განვახორციელოთ ციხეებში, რომ შემდეგ მთლიანი რუსეთი შევცვალოთ. ციხე ამ ქვეყნის სახეა”, - აღნიშნა ტოლოკონიკოვამ.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებებს დაიცავს ასევე დღეს გათავისუფლებული მარია ალიოხინაც. მისი თქმით, ის ტოლოკონიკოვასთან ერთად გააგრძელებს უფლებადამცველ საქმიანობას.

”ვიმედოვნებ, რომ ნიჟნი ნოვგოროდის ციხეში სიტუაცია ჩემს კონტროლ ქვეშ დარჩება. ქალები, რომლებიც გამოვიდნენ შრომითი უფლებების დარღვევების წინააღმდეგ, მათი ხმა უნდა შეისმინონ, მათი უფლებები აღარ უნდა დაირღვეს. აღარ უნდა ხდებოდეს რეპრესიები მათ წინააღმდეგ ციხის ადმინისტრაციისგან. ვაპირებ თვალი ვადევნო სიტუაციას და მათთან კონტაქტი შევინარჩუნო. ვუსურვებ მათ გამბედაობას და მე მათთან ვარ”, - თქვა ალიოხინამ. მისივე თქმით, ის არასამთავრობო და უფლებადამცველ საქმიანობას ტოლოკონიკოვასთან ერთად ძველი მეთოდებით გააგრძელებს.

Pussy Riot-ის წევრების გათავისუფლება რუსეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ამნისტიის შედეგად გახდა შესაძლებელი.

2012 წლის 21 თებერვალს Pussy Riot-ის წევრები მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში შესრულებული პანკლოცვის - "ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი!"- გამო გაასამართლეს და ორწლიანი პატიმრობა რელიგიურად მოტივირებული ხულიგნობის ბრალდებით მიუსაჯეს.

კომენტარები