ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა

Reuters

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესი პროტესტი ნიშნად დატოვა. ვანო მერაბიშვილმა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას შუამდგომლობით მიმართა, სასჯელაღსრულების სამინისტროს დაავალოს იმ ვიდეოჩანაწერების სასამართლოსთვის გადაცემა, სადაც მისი საკნიდან გაყვანაა ასახული. მერაბიშვილის შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც, ყოფილმა პრემიერმა სასამართლო დარბაზი დატოვა.

"უარის თქმის შემთხვევაში პროცესები ჩემთვის უაზრო გახდება და ვივლი მხოლოდ პოლიტიკური პირების დაკითხვისას", - განაცხადა მერაბიშვილმა. მის შუამდგომლობას ადვოკატებიც დაეთანხმნენ. მათ მოსამართლემ იმ ნორმების მითითება სთხოვა, რომლის მიხედვითც, სასამართლოსგან მოითხოვეს, სასჯელაღსრულების სამინისტროს ფირების გადაცემა დაავალოს. 

 "იმას, რომ ერთი ჩვეულებრივი დაბალი დონის კრიმინალი გახდეს მთავარი პროკურორი, კოდექსში ასეთ ჩანაწერს ვერ ნახავთ", - მიმართა მერაბიშვილმა ხათუნა ხარჩილავას, რომელმაც შუამდგომლობა დაუსაბუთებლად მიიჩნია. მოსამართლის თქმით, ფირებს 26 მაისის საქმესთან შემხებლობა არ აქვს.

"ნუ მაყურყუტებთ, მიეცით ბადრაგს უფლება, წამიყვანოს, ამ სამარცხვინო პროცესში მონაწილეობას არ მივიღებ", - თქვა მერაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, 13 დეკემბერს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. მან ინფორმაციის გადამოწმების გზად ვიდეოჩანაწერების ამოღება დაასახელა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, კადრების გადაცემას, ასევე, გამოძიების პროცესში, სასჯელაღსრულების მინისტრისთვის და მთავარი პროკურორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

 

კომენტარები