გიგი უგულავას საქმე

კუბლაშვილი: მოსამართლის გადაწყვეტილებაში ჩარევის კომპეტენცია არავის აქვს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, გიგი უგულავასთან დაკავშირებით კონკრეტული მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში არ და ვერ ჩაერევა. კოტე კუბლაშვილის თქმით, მოსამართლის მიერ დამოუკიდებლად მიღებულ გადაწყვეტილებაში ჩარევის კომპეტენცია არავის აქვს.

"ჩვენთან მოქმედებს კომუნიკაციის შესახებ კანონი, რომელიც მოსამართლეს უფლებას აძლევს, როგორც კი დაინახავს ვინმეს მხრიდან ჩარევას, იქნება ეს შიგნით მყოფი პირი, თუ გარე ადამიანი, მაშინვე განაცხადოს ამის შესახებ. კანონი მას აძლევს უფლებას, ეს ადამიანი სერიოზული თანხით დააჯარიმოს. ჩვენ შეიძლება არ მოგვეწონოს რაიმე გადაწყვეტილება, მაგრამ თუკი იქ არავინ ჩარეულა და მოსამართლემ დამოუკიდებლად მიიღო, ვალდებული ვართ, პატივი ვცეთ ამ გადაწყვეტილებას. თუკი რომელიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ვინმეს არ მოსწონს, მისი გამოსწორების ერთადერთი გზა არის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება. ეს არის ერთადერთი სწორი გზა და უზენაესი სასამართლოდან მე ვერაფრით ვიტყვი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სწორი თუ არასწორი. ეს არ არის ჩემი კომპეტენციის საკითხი, არც ჩავერევი და ვერც ჩავერევი, შესაბამისად, ვერც ვეტყვი მოსამართლეს, რომ ასე კი არა, სხვაგვარად უნდა გაეკეთებინა. არავის აქვს უფლება, მოსამართლეს ასეთი რამ უთხრას", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა და აღნიშნა, რომ პირადად მას ბევრი გადაწყვეტილება არ მოსწონს, მაგრამ ვალდებულია, მათ პატივი სცეს. 

"მე პირადად ძალიან ბევრი გადაწყვეტილება ვიცი, რომელიც არ მომწონს, მაგრამ ვალდებული ვარ, პატივი ვცე, რადგან ის მიიღო მოსამართლემ. მე შეიძლება სხვაგვარი გადაწყვეტილება მიმეღო, საქმე თავად რომ განმეხილა, რადგან მე არ განმიხილავს, უნდა ვაღიარო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მოსამართლემ", - თქვა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერს გიგი უგულავას თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 დეკემბრის ღამეს უფლებამოსილება შეუჩერა. გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა ღამის პირველ საათზე მიიღო. უგულავას ადვოკატის გიზო უგლავას თქმით, სასამართლომ თბილისის მერს უფლებამოსილება ზეპირი განხილვის გარეშე შეუჩერა.

თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები