ტურისტული სეზონი

პრემიერი: 2013 წელი მეტად წარმატებული იყო ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის კუთხით

facebook/Irakli Garibashvili Official

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მესტიას ტურისტების მიღება წელიწადში 365 დღის განმავლობაში შეუძლია და მთავრობამ ამის პოპულარიზაციას უნდა შეუწყოს ხელი. როგორც ღარიბაშვილმა მესტიაში, ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნისას თქვა, ტურიზმი ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა.

"დღეს ზამთრის ტურისტული სეზონი იწყება, გილოცავთ ყველას. სიმბოლურია, რომ ზამთრის ტურისტულ სეზონს მესტიიდან ვხსნით. მესტია, როგორც ზამთრის კურორტი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და ეს ძალიან სასიამოვნოა. დღევანდელი ღონისძიება სწორედ მესტიის სამთო-სათხილამურო კურორტის პოტენციალის წარმოჩენას ემსახურება. სვანეთი მიმზიდველია ტურისტებისათვის მთელი წლის განმავლობაში, რადგან მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ისეთი კურორტი, სადაც უძველესი კულტურა, უნიკალური არქიტექტურა, ულამაზესი ბუნება და თანამედროვე სათხილამურო ინფრასტრუქტურა ერწყმის ერთმანეთს," – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ წელს მესტიას 150 000-ზე მეტი უცხოელი და ქართველი ტურისტი სტუმრობდა.

"სვანეთში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარების პერსპექტივას მისი ბუნებრივი ლანდშაფტი იძლევა. თეთნულდის საბაგირო გზების მშენებლობის დასრულების შემდეგ მივიღებთ საქართველოში ყველაზე გრძელ სასრიალო ტრასას და დამსვენებლებს შევთავაზებთ ყველაზე ხანგრძლივ სათხილამურო სეზონს. დაგეგმილია თეთნულდის სათხილამურო სისტემის შემდგომი განვითარება. სამუშაოები 2014 წელს დაიწყება.
წელს მესტიას 150 000-ზემეტი უცხოელი და ქართველი ტურისტი სტუმრობდა. 2013 წელი მეტად წარმატებული იყო ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის კუთხით. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს 5 მილიონზე მეტი უცხოელი ტურისტი ეწვია, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია ჩვენი ქვეყნისთვის", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, ტურისტების რაოდენობის ზრდა ნიშნავს დასაქმების ზრდას რეგიონში, დამატებითი ობიექტების მშენებლობას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ინვესტიციების შემოდინებას.

"ჩვენი მთავრობა ამას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რადგან კარგად გვესმის, რომ სწორედ ტურიზმია ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო. მომავალშიც გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები და ყურადღება დაეთმობა კურორტის მარკეტინგს. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ მესტიას არა როგორც სათხილამურო კურორტს, არამედ იმ ადგილად განვიხილავთ, რომელსაც ტურისტების მიღება წელიწადში 365 დღის განმავლობაში შეუძლია და ჩვენ ამის პოპულარიზაციას უნდა შევუწყოთ ხელი", - დასძინა ღარიბაშვილმა.

მესტიაში ზამთრის ტურისტული სეზონი დაიწყო. ჰაწვალის მთაზე ახალი სათხილამურო ტრასის გახსნას საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, ეკონომიკის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, სასჯელაღსრულებისა და სპორტის მინისტრები დაესწრნენ. 

კომენტარები