გიგი უგულავას საქმე

სააპელაციო სასამართლო: უგულავა მერის თანამდებობიდან გადაყენებულად ითვლება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, ბრალდებული გიგი უგულავა ქალაქის მერის თანამდებობიდან გადაყენებულად ითვლება. სააპელაციო სასამართლო "საზოგადოების და მედიის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე", უგულავას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ უგულავას აღარ აქვს უფლება განახორციელოს ქალაქის მერისათვის კანონით დადგენილი უფლებამოსილებები.

"თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 26 დეკემბერს №1გ/791-13 განჩინებით ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 დეკემბრის განჩინება ბრალდებულ გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნტის დანაწესზე, რომლის მიხედვით სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულ გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ კანონიერ ძალაში შევიდა განჩინების მიღებისთანავე და გადაეცა საქმეში მონაწილე მხარეებს. შესაბამისად, ბრალდებული გიორგი უგულავა ითვლება ქალაქის მერის თანამდებობიდან გადაყენებულად და მას არ აქვს უფლება განახორციელოს ქალაქის მერისათვის კანონით დადგენილი უფლებამოსილებები" - ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი აბესაძის თქმით კი, მოსაზრება, რომ სასამართლოს განჩინების მიღების შემდეგ, მერი თანამდებობიდან გადაყენებულად ითვლება, სამართლებრივად მცდარია.

"სასამართლოს მიერ მითითებულ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლში პირდაპირ წერია, რომ სასამართლოს განჩინება აღნიშნავს პირის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ მოთხოვნას, რომელსაც შესასრულებლად უგზავნის დაწესებულების ხელმძღვანელს, ანუ სასამართლოს არ აქვს უფლება, რომ პირი თანამდებობიდან გადააყენოს. თბილისის მერის შემთხვევაში მას, როგორც პირდაპირი გზით არჩეულ პირს, ზემდგომი ხელმძღვანელი არ ჰყავს, ვინც სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს", - ამბობს მერის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს, "თბილისის განვითარების ფონდთან" დაკავშირებულ ბრალდებაზე უგულავას საქალაქო სასამართლომ აღკვეთ ის ღონისძიებად 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 22 დეკემბერს კი, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, მოსამართლემ დედაქალაქის მერს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, უფლებამოსილება შეუჩერა.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გიგი უგულავას გათავისუფლება ძალაში დატოვა. უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

კომენტარები