თბილისის ბიუჯეტი

სევდია უგრეხელიძე ბიუჯეტის ჩავარდნაზე: ეს არის ხელის გადაგრეხვის მცდელობა

primetimenews.ge

თბილისის მერის მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილის შეფასებით, 2014 წლის ბიუჯეტის ჩაგდებით, საკრებულომ თბილისი ახალი პრობლემის წინაშე დააყენა. პეტრიაშვილის თქმით, დედაქალაქის მთავრობა მზად იყო საკრებულოს შენიშვნები გაეზიარებინა.

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის სევდია უგრეხელიძის აზრით, 2014 წლის ბიუჯეტის ჩაგდება საკრებულოში წინასწარ იყო დაგეგმილი და დღევანდელი ხანგრძლივი განხილვა მხოლოდ განხილვის იმიტაციას წარმოადგენდა. 

"ჩვენ მზად ვიყავით გაგვეზიარებინა საკრებულოს მხრიდან გამოთქმული შენიშვნები. საკრებულოს შენიშვნები უფრო ადრე და დროულად უნდა მოეწოდებინა ჩვენთვის, რაც არ გაკეთდა. ამის მიუხედავად, ჩვენ მათ შენიშვნებზე მზაობა შევთავაზეთ და ამას მოჰყვა სხდომაზე ხმაური, რათა საბოლოოდ ბიუჯეტი ჩაეგდოთ. ადგილი აქვს ხელის გადაგრეხვის მცდელობას", - მიიჩნევს უგრეხელიძე.

თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდება. დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა. 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებას 24 ხმა სჭირდებოდა.

კომენტარები