სასამართლო

კუბლაშვილი: ხელისუფლებას აქვს მოსამართლეებზე ზეწოლის სერიოზული ბერკეტი

frontnews.ge

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა წლის საქმიანობის შემაჯამებელ კონფერენციაზე თქვა, რომ ხელისუფლებას აქვს სერიოზული ბერკეტი იმისთვის, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მოახდინოს. მისივე თქმით, აღნიშნული მექანიზმი გამოიხატება მოსამართლეთა სამი წლის ვადით დანიშვნაში.

"მოსამართლეთა სამი წლით დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ხელში აქვს სერიოზული ბერკეტი, მექანიზმი იმისთვის, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მოახდინოს. ეს ასე უნდა განვიხილოთ ზუსტად, რადგან მოსამართლეებზე, რომლებიც სამი წლით არიან დანიშნული, ამ პერიოდის განმავლობაში უნდა განხორციელდეს მონიტორინგი და კონტროლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან. ეს ნიშნავს, რომ არის ბერკეტი, რომლითაც ხელისუფლების წარმომადგენლები შეეცდებიან მოსამართლეებზე გარკვეული ზეგავლენა იქონიონ, სულ მცირე, იმ მოსამართლეებზე, რომლებიც სამი წლით არიან დანიშნულები", - თქვა კუბლაშვილმა.

კუბლაშვილის თქმით, ზეწოლის ბერკეტი, შესაძლოა, ნიშნავდეს იმას, რომ მოსამართლეებს სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, უვადოდ დანიშვნის პრობლემა შეექმნათ.

"როცა სამი წლის შემდეგ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხი დღის წესრიგში დადგება, ეს შეიძლება არ მოხდეს, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სულ მცირე 10 ხმა ნიშნავს მოსამართლეებს თანამდებობაზე, მოსამართლე წევრები კი იქ ვართ მხოლოდ 9, ანუ ერთი ხმა აუცილებლად გვჭირდება იმ წევრებისგან, რომლებიც პარლამენტის უმრავლესობამ დანიშნა. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი, რაც ახლა ემუქრება სამი წლით დანიშნულ მოსამართლეებს და ეს ყოველმხრივ ცუდ გავლენას ახდენს იმ მოსამართლეებზეც, რომლებიც 10 წლით არიან დანიშნულები, მაგრამ უფლებამოსილების ვადა უახლოეს მომავალში ეწურებათ", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

კომენტარები