სასამართლოზე ზეწოლა

კუბლაშვილი: ნათქვამი, რომ ენმ მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენდა, უსაფუძვლოა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის თქმით, საფუძველს მოკლებულია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ მთელი წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის წევრები კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენდნენ.

"მე ვერ მივიღებ ამ პრეტენზიას, რადგან შედეგი აჩვენებს, რა და როგორ იყო. შემიძლია, დავასახელო რამდენიმე კონკრეტული საქმე, როდესაც სასამართლომ გაიზიარა და უფრო მეტად სარწმუნოდ მიიჩნია პროკურატურის მტკიცებულებები და გარკვეული ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა რამდენიმე ყოფილ თანამდებობის პირს, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ. ასე რომ, ეს განცხადება ნამდვილად საფუძველს მოკლებულია", - თქვა კუბლაშვილმა.

კუბლაშვილის თქმით, დამოუკიდებლობის ხელყოფის საფრთხე სწორედ ხელისუფლებისგან მომდინარეობს.

"როცა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობთ, ის პირველ რიგში, უნდა იყოს დამოუკიდებელი სწორედ ხელისუფლებისგან, საიდანაც მოდის ყველაზე დიდი საფრთხე დამოუკიდებლობის ხელყოფის. როგორ ფიქრობთ, მთავრობის წევრები რომ გამოდიან და მოსამართლეების გვარებს ასახელებენ, აფრთხილებენ და ამტკიცებენ, რომ ამა თუ იმ მოსამართლეს ესა თუ ის გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო, არის თუ არა ეს ზეწოლა? - არის. ასეთი ფაქტი იყო უამრავი", - თქვა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა კონკრეტულ მოსამართლეებზე მთელი წლის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა.

"ჩვენ სასამართლო გავათავისუფლეთ ზეწოლისგან, მაგრამ სამწუხაროდ, მთელი წლის განმავლობაში მომდიოდა ინფორმაციები, რომ ნაციონალური მოძრაობა ამა თუ იმ მოსამართლეზე, სხვადასხვა მეთოდით ზეწოლას ახდენდა. მე მომდიოდა ხმები, რომ ზეწოლის მცდელობები იყო ნაციონალური მოძრაობის გამოკვეთილი ლიდერებისგან. არ მინდა სახელები და გვარები ვთქვა, მაგრამ კონკრეტულ საქმეებზე იყო საუბარი, კონკრეტულ საქმეებში იყო ჩარევის მცდელობა", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები