ოთარ ფარცხალაძის საქმე

ხიდაშელი ფარცხალაძის საქმეზე: ხელისუფლება შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, "ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას წინ ნუ გავუსწრებთ". დეპუტატის განმარტებით, ახლა ყველაფერი გარკვეულია და ხელისუფლება შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს. 

"როდესაც ევროპაში შობაა, ამბავს წინა დღეს გაიგებ და მეორე დღეს გეკითხებიან, რატომ არ გამოითხოვე დოკუმენტები, ეს ღრმად არასერიოზულია. მაინტერესებს, რომელ კარზე უნდა დაგვეკაკუნებინა? ამ წუთის მდგომარეობით ყველაფერი გარკვეულია, სრულად ინფორმირებული ვართ, შესაბამისად გადაწყვეტილებებს მივიღებთ და დაველოდოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

დეპუტატის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის თემა პრემიერთან დღევანდელ შეხვედრაზე არ განუხილავთ.

"ჩვენ არ ვიცოდით ამის შესახებ, გავიგეთ და ვფიქრობ, ყველას ჩამოყალიბებული გვაქვს აზრი. ჩვენ არ ვართ გადაწყვეტილების მიმღები, ამიტომ არ მაქვს პასუხი კითხვაზე, შეიცვლება თუ არა მთავარი პროკურორი", - განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში ყაჩაღური ქურდობის ბრალდებით არის ნასამართლევი. ფარცხალაძის განმარტებით, ინციდენტი გერმანიაში ნამდვილად შეემთხვა, თუმცა, მისი თქმით, ეს გაუგებრობა იყო და სასამართლომ პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულეობა დაუდგინა.

კომენტარები